ჩვენ ეს მოვახერხეთ – ეკონომიკური ზრდა იყო 10.6%. ამოვედით იმ ნიშნულიდან, რომელიც პანდემიის გამო მივიღეთ და კიდევ უფრო წინ წავედით. რა თქმა უნდა, ესეც არ არის საკმარისი. სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ მძიმეა, – ამის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქსტატის კვლევის შედეგებს, რომლის თანახმად, 2021 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონემ 19.0% შეადგინა.
მისივე თქმით, სტატისტიკაზე საუბრისას უნდა დაზუსტდეს ისიც, რომ 2004-2012 წლებში მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა, „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს კი 10 ათასით გაიზარდა.
„პირველ რიგში, უნდა დაზუსტდეს ის, რომ 2004-2012 წლის სტატისტიკით, წინა მმართველობის პერიოდში საქართველოს მოსახლეობა 200 ათასით შემცირდა. რაც შეეხება 2012 წლიდან დღემდე პერიოდს, მოსახლეობის რაოდენობა 10 ათასითაა გაზრდილი. ეს მცირე მაჩვენებელია, მაგრამ ზრდა არის. მოვახერხეთ კლების შეჩერება.
რაც შეეხება ეკონომიკურ ვითარებას, უმძიმესი ერთი წელი გვქონდა და ეკონომიკის ვარდნა იყო -6,5%. ასეთ ვითარებაში უამრავმა ადამიანმა დაკარგა სამსახური, ხელფასი. 2020 წელს გავეცით წინასაარჩევნო დაპირება, რომ ხელისუფლების ყველა ნაბიჯი ამ ვითარების აღდგენას და პანდემიამდე არსებული ნიშნულის დაბრუნებას მოემსახურებოდა. ჩვენ ეს მოვახერხეთ. ეკონომიკური ზრდა იყო 10.6%. ამოვედით იმ ნიშნულიდან, რომელიც პანდემიის გამო მივიღეთ და კიდევ უფრო წინ წავედით. რა თქმა უნდა, ესეც არ არის საკმარისი. სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ მძიმეა. ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით, 20% სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ეს ყველა ქალაქსა და რეგიონს ეხება. ჩვენი მთავარი ამოცანა ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება უნდა იყოს, რაც ყველა რეგიონსა და ქალაქზე უნდა აისახოს. ასეთ თემებზე, რომელიც ეკონომიკურ განვითარებას უკავშირდება, მუშაობს მთავრობა და ყველა კითხვაზე პასუხი ექნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
