თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ მერიის სხვადასხვა სამსახურის უფროსების საკრებულოში არ გამოცხადების შესახებ ოპოზიციის ბრალდებებს უპასუხა.
მისი განმარტებით, მერიის საქალაქო სამსახურის უფროსებთან კომუნიკაციის პრობლემა არ არსებობს.
გრიგოლიას თქმით, არის სხვადასხვა ფორმატი, რომელშიც ოპოზიციის წარმომადგენლებს მერიის მთავრობის წევრებისთვის ნებისმიერი კითხვის დასმა შეუძლიათ, მაგრამ მერიის სამსახურები პოლიტიკურ შოუში მონაწილეობას არ მიიღებენ.
„მერიის საქალაქო სამსახურის უფროსებთან კომუნიკაციის პრობლემა არ არსებობს. არის კომისიური ფორმატები, სადაც ნებისმიერ დეპუტატს შეუძლია მივიდეს, დასვას კითხვა და ამომწურავი პასუხები მიიღოს. ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ხშირ შემთხვევაში პირად შეურაცხყოფას აყენებენ და თბილისის მერიის მიმართ მძიმე პოლიტიკურ ბრალდებებს გამოთქვამენ. სწორედ ამიტომ, გვაქვს მიღებული გადაწყვეტილება, დროებით, სანამ ეს პროცესი ასე გაგრძელდება, მერიის სამსახურები პოლიტიკურ შოუში მონაწილეობას არ მიიღებენ“, – განაცხადა გრიგოლიამ.