აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, კანადისა და ევროკავშირის მსგავსად, უკრაინის ორი ოკუპირებული რეგიონის „დამოუკიდებლობის“ აღიარების გამო რუსეთს სანქციებს ავსტრალიაც დაუწესებს. ამის შესახებ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა განაცხადა.
მისი თქმით, პირველი სანქციები შეეხება კონკრეტულ პირებს – რუსეთის უშიშროების საბჭოს 8 წევრს, რომლებიც რუსეთის ბოლოდროინდელ ქმედებებზე არიან პასუხისმგებლები. მათ ფინანსური შეზღუდვები დაუწესდებათ და ავსტრალიაში შესვლა აეკრძალებათ.
უფრო ფართო სანქციები დაწესდება რუსეთის მიერ კონტროლირებად დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებს – საუბარია სატრანსპორტო, ენერგეტიკულ, ტელესაკომუნიკაციო და ნავთობკომპანიებზე. გარდა ამისა, სანქციები ამოქმედდება რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია VEB-ისა და რამდენიმე ბანკის მიმართ.
სკოტ მორისონის თქმით, ეს მხოლოდ სანქციების პირველი პაკეტია, რომელსაც სხვა შემზღუდავი ზომებიც მოჰყვება.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ 21 თებერვალს აღიარა, რის შემდეგაც რუსეთმა უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებთან ე.წ. „დიპლომატიური ურთიერთობები“ დაამყარა. რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ კი ვლადიმერ პუტინს რუსეთის ფარგლებს გარეთ შეიარაღებული ძალების გამოყენებაზე თანხმობა მისცა.
ამის შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ბანკსა და ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა, გერმანიამ კი გაზსადენი Nord Stream 2-ის სერტიფიცირება შეაჩერა. ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი მიიღეს, შემდეგ კი მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ ვაშინგტონში განაცხადეს. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები რუსეთის სუვერენულ ვალს, ორ ფინანსურ ინსტიტუტსა და რუსეთის ელიტის წარმომადგენლებს შეეხება.