გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს, ვარკეთილში წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში წირვა აღევლინა და ამ დღესთან დაკავშირებით მამა იოსებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართველი გმირების სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლევან იზორია, გაერთიანებული შტაბის უფროსი გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, მინისტრის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები და აგვისტოს ომში დაღუპული ვახტანგ გზირიშვილის დედა მარინა გზირიშვილი ესწრებოდნენ.
ლევან იზორიამ მშენებარე ეკლესია დაათვალიერა და ეკლესიის მშენებლობის დასრულებაში დახმარება აღუთქვა.
„სრულიად საქართველოს ვულოცავ გიორგობის დღესასწაულს, განსაკუთრებით ქართულ ჯარს. თითოეულ მათგანს მინდა ვუსურვო, ბედნიერება, ჯანმრთელობა, გახარება და ჩვენი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება. ტაძარში იმყოფებოდა ლევან იზორია და მისი მოადგილეები, რომლებიც პანაშვიდს დაესწრნენ. დაათვალიერეს ტაძარი და გამოთქვეს სურვილი, რომ ტაძრის მშენებლობის დამთავრებაში დამეხმარებიან, როგორც ფიზიკურად ისე ფინანსურად. სრულიად საქართველოს მინდა ვუსურვო სიწყნარე, სიმშვიდე მინდა ბედნიერება სუფევდეს საქართველოში, რათა ჩვენმა გმირმა ვაჟკაცებმა, ზეცაში იზეიმონ ყველა დღესასწაული, რომ საქართველო ბედნიერია და ნამდვილად გამთლიანდება. ჩვენი ვაჟკაცების დაღვრილი უმანკო სისხლი ფუჭად არ ჩაივლის“, -განაცხადა მარინა გზირიშვილმა.
ეკლესიას საძირკველი 2009 წელს ჩაეყარა და საქართველოს უწმინდესი და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით შენდება. ეკლესია ერთიანი საქართველოსთვის 2008 წელს აგვისტოს ომის დროს დაღუპული გმირების სახელზე აშენდა.
ლევან იზორია აგვისტოს ომში დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო
2016/11/23 19:53:02
კომენტარები
ნანახია: 1407 ჯერ