საქართველოს კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, უკრაინასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის პოზიციებს იზიარებს.
წულუკიანის თქმით, საქართველო თავისი პასუხისმგებლიანი ხელისუფლების და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.
„რა თქმა უნდა, ვიზიარებ. ახლა გავიხსენოთ, სად არის საქართველო და სად ვცხოვრობთ ჩვენ ყველანი. პირველ რიგში, მინდა, ჩვენს უკრაინელ ხალხს გამოვუცხადო სოლიდარობა, როგორც ეს არაერთხელ გააკეთა ამ ხელისუფლების არაერთმა წარმომადგენელმა ჩემამდე, დღემდე, კიდევ ერთხელ, ხაზი გავუსვა იმას, რომ სამწუხაროდ, აი, მოვესწარით ამ დღესაც, როდესაც ჩვენს კონტინენტზე, ევროპაში არის ომი, როდესაც იღუპებიან უდანაშაულო ადამიანები და საქართველო თავისი პასუხისმგებლიანი ხელისუფლების და ამ კონკრეტული პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, რომელთანაც, როგორც ჩანს, ჩემდა გასაკვირად, თქვენ გაქვთ უსაფუძვლო კითხვები, აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, იმ ხალხის მხარდაჭერას, რომელსაც დღეს ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი, ყველანაირი ტიპის სოლიდარობა აღმოვუჩინეთ, იქნება ეს საერთაშორისო ორგანიზაციებში უპრეცედენტოდ მნიშვნელოვან ტექსტებთან შეერთებით, ევროპის საბჭოში რუსეთის ფედერაციისთვის წევრობის შეჩერების პროცესში საქართველოს მხარდაჭერის დაფიქსირების, ასევე, ჰუმანიტარული, თუ სხვა ტიპის დახმარების აღმოჩენით. ეს პროცესი გაგრძელდება, ვიდრე უკრაინაში და ევროპაში არ დამყარდება მშვიდობა და ამას გავაკეთებთ, მიუხედავად იმისა, რა ტიპის პროვოკაციებსაც არ უნდა გეგმავდეთ თქვენ და ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ აქ. თქვენ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენთ, რადგან „მთავარი არხი“ ხართ. ამას თქვენი დამფუძნებელიც არ მალავს. ჩვენ ვცხოვრობთ ოკუპირებულ საქართველოში. დღეს უკრაინას ჭირს ის, რაც ჩვენ დაგვემართა უკვე არაერთი წლის წინ. თქვენ გახსოვთ 2008 წლის ომი, როდესაც თქვენი ბელადი ძირს ფორთხავდა, გარბოდა და მე მესმის, რომ თქვენ ეს აღარ მოგწონთ, მოგბეზრდათ და თავს აქიცინებთ, მაგრამ ისე იქცევით, რომ ყოველდღიურად არის საჭირო ამის შეხსენება. ამის საპირისპიროდ, დღეს ჩვენ გვყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც სერიოზულობით ცდილობს, მართოს ის ქვეყანა, რომელიც არის ოკუპირებული“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
წულუკიანის განმარტებით, საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც პირველ რიგში გამომდინარეობს ხალხის ინტერესიდან.
„დღეს ევროპაში ომია, ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული და ჩვენ ვიღებთ იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც პირველ რიგში გამომდინარეობს თქვენი და თქვენი ოჯახის ინტერესიდან, ჩვენი ხალხის ინტერესიდან და იმ მომავალი თაობების ინტერესიდან, რომელმაც უნდა გააგრძელოს ამ ქვეყანაში ცხოვრება. ჩვენ უკვე გამოვლილი გვაქვს ნგრევა, ჩვენ უკვე გამოვლილი გვაქვს სისხლი და ახლა ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ამ ქვეყანაში არ იყოს არეულობა და რაც მთავარია, არ იყოს ომი, რადგან ომზე უფრო დიდი საშინელება არ არსებობს. იმედი მაქვს, ამაში მაინც დამეთანხმებით“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
