როდესაც მეგობრები რთულ სიტუაციაში იმყოფებიან, მაშინ ურთიერთობების გარკვევა არ ხდება, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველომ უკრაინას მხარდაჭერა მკაფიოდ, არაერთ პლატფორმაზე გამოუცხადა, თუმცა, ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ვალდებულია გაითვალისწინოს საკუთარი ქვეყნისა და მოქალაქეების ინტერესები.
„როდესაც მეგობრები რთულ სიტუაციაში იმყოფებიან, მაშინ ურთიერთობების გარკვევა არ ხდება და ბუნებრივია ჩვენ უკრაინელ ხალხსა და ხელისუფლებას ვუსურვებთ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობას, განვითარებას და მთელი ამ ტრაგიკული მოვლენების, სისხლისმღვრელი ომის ძალიან სწრაფად დასრულებას. რაც შეეხება საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობას ბოლო 6 დღის განმავლობაში, მაშინ, როდესაც უკრაინის ტერიტორიაზე უსამართლოდ ბევრი უდანაშაულო ადამიანის სისხლი იღვრება, საქართველომ უკრაინას დაუჭირა მხარი როგორც ჰუმანიტარულად, ასევე პოლიტიკურად. პრემიერ-მინისტრის უშუალო დავალებით, უმოკლეს ვადაში უკრაინაში გაიგზავნა ჰუმანიტარული ტვირთი. ამავდროულად უკრაინის ყველა ის მოქალაქე, რომელიც საქართველოში იმყოფება და უკან გამგზავრებას ვერ ახერხებს, არის სრულიად უზრუნველყოფილი სახელმწიფოს მიერ. ქვეყნის ხელისუფლების უმაღლესმა წარმომადგენლებმა გააკეთეს ძალიან მკაფიო და მხარდასაჭერი განცხადებები, დაგმეს რუსეთის ფედერაციის ქმედებები და ცალსახად განაცხადეს, რომ ეს არის საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპების დარღვევა ყველა საერთაშორისო ფორმატში, იქნებოდა ეს ევროკავშირი, ეუთო, ევროსაბჭო, გაერო თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ უკრაინა იმყოფება საომარ მდგომარეობაში. ბუნებრივია იქ სჭარბობს ემოციები და ამაში გასაკვირი არაფერა. შესაბამისად, ვთვლით, რომ ამ ეტაპზე არ უნდა გავამახვილოთ ყურადღება ამ განცხადებებზე და პირიქით უნდა გავაგრძელოთ ურყევი მხარდაჭერა.
ამავდროულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა. საქართველოს ტერიტორიაზე ამჟამად განთავსებულია რუსეთის სამხედრო ძალები, ქვეყნის დაახლოებით 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. მილიონამდე ქართველი რუსეთის ფედერაციაში იმყოფება, ჩვენ გვყავს ჩვენი მოქალაქეები უკრაინის ტერიტორიაზე და მხედველობაში უნდა მივიღოთ ის ძალიან რთული უსაფრთხოების გარემო, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოს ირგვლივ. ამ ვითარებაში რა თქმა უნდა ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ვალდებულია ყველა რისკი სათანადოდ შეაფასოს და არ დაუშვას ძალადობა საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე. ჩვენ ეს პერიოდი გამოვიარეთ და როგორც იქნა ეს პერიოდი მეტ-ნაკლებად დავძლიეთ. ეს პირველ რიგში არის მოსახლეობის ინტერესებში და ბუნებრივია ჩვენი უპირობო ვალდებულებაა, რომ ყველა ეს ფაქტორი ავწონოთ და ნებისმიერი გადაწყვეტილება ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ მივიღოთ“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.
