საქართველო უნდა გახდეს მიმზიდველი არა თავისი სტიქიური განვითარებით, არამედ იმით, რაც გეგმურ, მდგრად განვითარებას გულისხმობს, რომელიც გულისხმობს მწვანე სივრცეების, დასასვენებელი ზონებისა და ადამიანებისთვის უკეთესი საცხოვრებელი გარემოს შექმნას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსის“ წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„როდესაც საუბარია სივრცითი მოწყობაზე, ის გულისხმობს მოწესრიგებულ განვითარებას იმ ლოკაციების, რომლებიც არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ტურისტული მიმართულებები, რათა არ მოხდეს სტიქიური განვითარება და მოხდეს კანონზომიერი, დაგეგმილი, გენერალური გეგმების მიხედვით განვითარება. რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს გარკვეულ რეგულაციებს სართულიანობაზე, გარემოპირკეთებაზე, განლაგებაზე, საჯარო სივრცეების მოწყობაზე, მაგრამ ეს იქნება სწორედ იმისათვის, რომ დამატებითი ღირებულება შეიქმნას უძრავი ქონების მიმართულებით. საქართველო გახდეს მიმზიდველი არა თავისი სტიქიური განვითარებით, არამედ იმით, რაც გეგმიურ, მდგრად განვითარებას გულისხმობს, რომელიც გულისხმობს მწვანე სივრცეების, დასასვენებელი ზონებისა და ადამიანებისთვის უკეთესი საცხოვრებელი გარემოს შექმნას”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ იგეგმება გარკვეული ზომების გატარება, მათ შორის ტექდათვალიერების შემოღება.
„ჩვენ ვგეგმავთ გარკვეული ზომების გატარებას, ეს იქნება, რა თქმა უნდა, ტექდათვალიერება, გაუმჯობესებული სტანდარტები ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, თანდათანობითი დანერგვა, რათა ეს იყოს მინიმალურად მტკივნეული მოსახლეობისთვის. დამეთანხმებით, რომ იმ პრაქტიკით, რომელიც მიღებულია ევროპის ქვეყნებში, ამის განხორციელება აუცილებელია, რათა ცხოვრების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში გავაუმჯობესოთ”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.