დარწმუნებული ვარ, კოორდინირებულად, მათ შორის საზოგადოებასთან ერთად, რადგან ამას მხოლოდ ფინანსური ინსტიტუტები ან ეროვნული ბანკი ვერ გააკეთებს, მოვახერხებთ იმას, რომ ლარი თავის წონასწორობის ნიშნულს ნახავს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ობიექტური ფაქტორები არ არსებობს, რომ ლარი უფასურდებოდეს. ძირითადად, ეს არის ემოციური ფაქტორების გამო.
„არ გვინდა უკრაინას რაიმე ნაწილში ვედარებოდეთ, რადგან სრულიად სხვა რეალობაა, რადგან მოძმე ერი ექსტრაორდინარულ სიტუაციაში იმყოფება.
თქვენც კარგად მოგეხსენებათ, რომ ეკონომიკურ პროცესებთან დაკავშირებით, სიმშვიდე, პრაგმატულობა, სწორი ნაბიჯების გადადგმა არის ერთადერთი, რომ ჩვენ ვალუტის კურსი გვქონდეს შენარჩუნებული. დღეს ობიექტური ფაქტორები არ არსებობს, რომ ლარი უფასურდებოდეს. ძირითადად, არის ემოციური ფაქტორები. დარწმუნებული ვარ, კოორდინირებულად, მათ შორის საზოგადოებასთან ერთად, რადგან ამას მხოლოდ ფინანსური ინსტიტუტები ან ეროვნული ბანკი ვერ გააკეთებს, მოვახერხებთ იმას, რომ ლარი თავის წონასწორობის ნიშნულს ნახავს. ეს მერყეობა დასტაბილურდება, ლარის კურსი მშვიდ რეჟიმში იქნება“, – განაცხადა დავითაშვილმა.