შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა უკრაინის მოსახლეობას „მძიმე წუთები შეუმსუბუქოს“.
როგორც გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, მსოფლიო ლიდერებმა ომის დასასრულებლად ყველაფერი უნდა გააკეთონ.
„ძალიან რთული ვითარებაა უკრაინაში და დღითი დღე მძიმდება, იღუპებიან ბავშვები, ქალები, მოხუცები. თითქმის ორი კვირაა სარდაფებშია მოსახლეობა, არ აქვთ წყალი, დენი, აქვთ საკვების პრობლემები. ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს და მსოფლიო ლიდერებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ომი შეჩერდეს და მსხვერპლი აღარ იყოს. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ცოტათი მაინც შევუმსუბუქოთ უკრაინელებს მძიმე წუთები“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მინისტრის თქმით, საქართველოს უკრაინის დასახმარებლად დიდი შესაძლებლობები არ აქვს, თუმცა მხარდაჭერისთვის ყველაფერი გაკეთდა.
„საქართველო ყველაფერს აკეთებს. პრემიერ-მინისტრის დავალებით უკრაინაში გაიგზავნა დახმარება. ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, ჩვენ თვითონ ვართ დაზარალებულები. საქართველოში სულ რამდენიმე წლის წინ იყო ომი. დავკარგეთ ტერიტორიები. რუსეთის ჯარი დგას საქართველოში. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს ისეთი დიდი შესაძლებლობა როგორც გერმანიას, საფრანგეთს, ევროკავშირის სხვა დიდ ქვეყნებს. მხარდაჭერის კუთხით ყველაფერი გავაკეთეთ. გაეროშიც და სხვა ბევრი მიმართულებით მხარი დავუჭირეთ ყველა რეზოლუციას. აქედან გამომდინარე, მზად ვართ, გვერდით დავუდგეთ“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
რაც შეეხება უკრაინის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევას, გომელაური ამბობს, რომ მისთვის ეს გაუგებარია.
„ელჩი აქედან გაიწვიეს და ბელარუსში დატოვეს, ეს ჩემთვის გაუგებარია“,- განაცხადა გომელაურმა.
