ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი უახლოეს მომავალში, კერძოდ, მომავალ კვირას გადმოგვეცემა, – ასე უპასუხა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარი ნარჩემაშვილმა „იმედინიუსის“ კითხვას, თუ რა ეტაპზეა საქართველო ევროკავშირის მხრიდან კითხვარის მიღებასთან დაკავშირებით.
„ჩვენ ველოდებით, რომ ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი უახლოეს მომავალში, კერძოდ, მომავალ კვირას გადმოგვეცემა. კითხვარის მიღებით ჩვენ ფაქტობრივად გადავდივართ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ახალ, მნიშვნელოვან ეტაპზე. საქართველო აქტიურად ემზადება წევრობის განაცხადის შემდგომი პროცედურისთვის. იცით, რომ ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით 1 აპრილს გაიმართა, კომისიას დაევალა, მათ შორის კითხვარის შევსების პროცესის ეფექტიანი კოორდინაცია. ჩვენ დარწმუნებული ვართ საქართველო წარმატებით გაართმევს თავს ამ პროცესს, ამის საფუძველს იძლევა ის პროგრესი, რაც საქართველოს აქვს, მათ შორის რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში. ის, რომ საქართველო, ასოცირებულ ქვეყნებთან ერთად, ასე მოკლე ვადაში იღებს გაწევრიანების კითხვარს, არის ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს ინტეგრაციული პროცესის მხარდაჭერის დასტური და ქვეყნის მიერ გატარებული წარმატებული რეფორმების აღიარება“, – განაცხადა მარი ნარჩემაშვილმა.
მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკუ პოპესკუმ განაცხადა, რომ მოლდოვა ევროკომისიისგან ანკეტას მომავალ კვირაში მიიღებს.
