საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის იმ ნაწილში, რომელიც საქართველოს ეხება, დაფასებულია მიღწევები, რომლებსაც ქვეყანამ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მიაღწია გასულ წელს. მან ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ამ მხრივ ოპოზიციის მოლოდინები არ გამართლდა.
“ანგარიში ტრადიციულად მაღალი სტანდარტების მიხედვით არის ჩამოყალიბებული. ამდენად, იმთავითვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანგარიში იმდენად მკაფიოა, რომ ის არ ტოვებს სივრცეს რაიმე მანიპულაციებისა და მცდარი ინტერპრეტაციებისთვის. ამიტომ, ნურავინ ეცდება, რომ ფაქტების შელამაზების ან მთელი სიმართლის ართქმის გზით, დამახინჯებულად წარმოადგინოს ანგარიშის არცთუ უმნიშვნელო დეტალები”, – აღნიშნა სარჯველაძემ.
მისი თქმით, მაღალი საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ინტერესის საკითხებზე დარღვევები, რომლებზეც მათი ოპონენტების მხრიდან კრიტიკა ისმის, არაა მტკიცებით ფორმატში მოყვანილი და ეყრდნობა სხვა წყაროებს.
“ანგარიში უპირატესად შემოიფარგლება მითითებით არა საკუთრივ დარღვევის ფაქტებზე, არამედ ოპოზიციური პარტიების მხრიდან ან, მაგალითად, ომბუდსმენის მხრიდან დარღვევის არსებობის მტკიცებაზე. ანუ იქ, სადაც საკმარისი საფუძველი არ არსებობდა იმისთვის, რომ ადგილი ჰქონდა დარღვევას, ანგარიშში მითითებულია, რომ ოპოზიციური პარტიები აცხადებენ ან სახალხო დამცველი აცხადებს, რომ სახეზე იყო დარღვევა. ასეთი ვითარება “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ე.წ. პოლიტიკური პატიმრობის საკითხთან დაკავშირებითაც არის”, – თქვა მან და დასძინა, რომ ანგარიშში არაფერია ნათქვამი იმაზე მეტი, რომ სააკაშვილს მიიჩნევენ პოლიტიკურ პატიმრად ოპოზიციური პარტიები.
მიხეილ სარჯველაძეს არ უკვირს, რომ ეს ფაქტი ამ ფორმულირებით მოხვდა ანგარიშში.
“ანგარიშში არაფერია ისეთი ნათქვამი, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოება არ არის სრულად ინფორმირებული და რაც არ არის ფართოდ დისკუსირებულიც საზოგადოების მიერ, ერთმნიშვნელოვნად შეფასებულიც და პოლიტიკური და სამართლებრივი დასკვნებიც გამოტანილი. ეს ეხება როგორც პოზიტიური ტენდენციების ამსახველ ნაწილებს, ისე კრიტიკულსაც”, – აცხადებს დეპუტატი.
