პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ უკრაინაში ორი სხვადასხვა დელეგაცია გაემგზავროს, პარლამენტის თავმჯდომარის და საპარლამენტო დელეგაციის.
როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, თუ როგორ დაკომპლექტდება პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაციის შემადგენლობა, ეს შალვა პაპუაშვილის პრეროგატივაა.
„საპარლამენტო და პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაცია არის აბსოლუტურად განსხვავებული ფორმატი. როდესაც პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ხორციელდება, ამ დროს დელეგაციას თავად პარლამენტის თავმჯდომარე ადგენს. შესაბამისად, ეს შალვა პაპუაშვილის პრეროგატივაა. როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის სახელით მიდის სხვა ქვეყანაში, ეს უკვე პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაციაა, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებული, სპეციფიური ფორმატია. პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივაა, თუ როგორ ჩამოაყალიბებს დელეგაციას. როგორც არ უნდა ჩამოყალობდეს პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაცია, ეს არ უზღუდავს არც ერთ პარლამენტარს, არც ერთი პოლიტიკური ჯგუფიდან იმის საშუალებას, რომ საპარლამენტო დელეგაციის ფარგლებში უკრაინაში გაემგზავროს. უკრაინიდან საერთო მოწევა არის გამოგზავნილი ზოგადად, პარლამენტარებზე. შესაბამისად, ისიც არ არის გამორიცხული, რომ ორი სხვადასხვა დელეგაცია შედგეს, პარლამენტის თავმჯდომარის და სხვა. ზოგადი პრაქტიკაა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაცია არ არის ხოლმე მეტისმეტად ფართო. შესაბამისად, ამ კუთხით დელეგაციის შემადგენლობა გადაიხედება. რაც შეეეხება მეორე საპარლამენტო დელეგაციას, რომელიც შეიძლება შედგეს, ამის უფლება აბსოლუტურად ყველა პარლამენტარს აქვს“, – განაცხადა კობახიძემ.
ის ასევე უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკულ განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად უკრაინაში ვიზიტი მისაღები არ არის.
„ჩვენთვის მაინც და მაინც მისაღები არ არის „ომის პარტიასთან“ ერთად ამ ვიზიტის განხორციელება. მოცემულობა უკვე შეცვლილია, ეს იქნება არა საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში, არამედ პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ყველა დეტალი ამ ახალი მოცემულობის გათვალისწინებით გადაიხედება“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი განმარტებით, შალვა პაპუაშვილის უკრაინაში ვიზიტის მთავარი თემა სოლიდარობის გამოხატვა და ორმხრივი ურთიერთობების დარეგულირება იქნება.
„უკრაინაში წასვლასთან დაკავშირებით შალვა პაპუაშვილის ინიციტივა სხვადასხვა არგუმენტზე დაყრდნობით გავიზიარეთ. ჩვენ ასევე ყურადღებით ვადევნებდით თვალყურს ინტერვიუს, რომელიც უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარესთან შედგა, სადაც არის ძალიან საინტერესო და ოპტიმიზმით გაჯერებული გზავნილები ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველი გახდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სოლიდარობის გამოხატვა უკრაინის მიმართ უმაღლეს დონეზე, როგორც ხალხის, ასევე სახელმწიფოს მიმართ. ამ კუთხით შალვა პაპუაშვილის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ბუნებრივია, ამ ვიზიტის ფარგლებში ორმხრივ ურთიერთობებზე იქნება საუბარი“, – განაცხადა კობახიძემ.
