ეს არა „ქართული ოცნების“, არამედ საქართველოს პარლამენტის დელეგაციაა, რომელიც ჩვენმა პარტნიორმა უკრაინამ მიიწვია,- ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
„ახლა პასუხისმგებლობაა ჩვენზე, ოპოზიციაზე. ვფიქრობ, რომ ოპოზიციამ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ ვიზიტში. მეტიც, ეს იყო ოპოზიციის მხრიდან დაწყებული პროცესი. მინდა ასევე მივმართო იმ ადამიანებს, ვისგანაც ძალიან ხმამაღალი განცხადებები ისმის, სად მიჰყვებით „ქართულ ოცნებას“ და როგორ შეიძლება მათთან ერთად ვიზიტში მონაწილეობა?! მინდა გითხრათ, რომ ეს არის საქართველოს პარლამენტი და არა „ქართული ოცნების“ პარლამენტი. ეს არა „ქართული ოცნების“, არამედ საქართველოს პარლამენტის დელეგაციაა, რომელიც ჩვენმა პარტნიორმა უკრაინამ მიიწვია. გთხოვთ თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ასეთ განცხადებას აკეთებს, ეს არის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მისაღები გადაწყვეტილება და არა პარტიული და შიდა დაპირისპირების საკითხი“,– აღნიშნა სამნიძემ.
შალვა პაპუაშვილმა უკრაინაში ვიზიტისთის მზადყოფნა გამოთქვა, საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები საპარლამენტო ოპოზიციასთანაც მიმდინარეობდა, თუმცა მხარეები დელეგაციის შემადგენლობაზე ვერ შეთანხმდნენ. მოგვიანებით კი „ლელოში“ განაცხადეს, რომ მათი წარმომადგენელი მზად იქნება მონაწილეობა მიიღოს როგორც ოპოზიციური პარტიების დელეგაციაში, ისე პარლამენტის თავმჯდომარის დაგეგმილ ვიზიტში უკრაინაში.
შემდეგ კი მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში ყველა ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის თითო წარმომადგენელი შევიდეს. შალვა პაპუაშვილმა კი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, დროულად წარადგინონ ინფორმაცია უკრაინაში გასამგზავრებელი კანდიდატების შესახებ.
