უკრაინა ომის დასასრულებლად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობისთვის მზად არის, თუმცა რუსული ულტიმატუმის პირობებში საუბარი შეუძლებელია. ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში უკრაინის საჭიროებებზე ისაუბრა. ის ქვეყნებს მოუწოდებს უკრაინას დაეხმარონ არა სიტყვებით, არამედ ქმედებებით.
“მინდა, ხალხმა დამიმახსოვროს ადამიანად, რომელსაც სიცოცხლე ბოლომდე უყვარდა და ასევე უყვარდა ოჯახი და სამშობლო. გმირად ნამდვილად არა – მინდა ხალხმა ისეთად მიმიღოს, როგორიც ვარ, ჩვეულებრივ ადამიანად.
როგორც ადრე ვთქვი, რა არის ამ ყველაფრის ფასი? ეს არის ხალხი – უამრავი ადამიანი, რომელიც დაიღუპა. საბოლოოდ ვის უწევს ამ საფასურის გადახდა? – უკრაინას, მხოლოდ ჩვენ. ჩვენთვის ეს ნამდვილად დიდი ფასია. თუ საუბრის შესაძლებლობა გვექნება, აუცილებლად ვისაუბრებთ, მაგრამ საუბარი რუსული ულტიმატუმის პირობებში? ეს შეუძლებელია. ვერ დავთმობთ ჩვენს ტერიტორიებს, მაგრამ რუსეთთან რაღაც დიალოგი უნდა გამოვნახოთ. თუკი მათ ეს შეუძლიათ და თუკი ჩვენ ისევ მზად ვართ. მაგრამ ამის შანსები ყოველდღიურად მცირდება.
მე არ მჯერა მსოფლიოსი, მას შემდეგ, რაც ვნახეთ, რა ხდება უკრაინაში. ჩვენ… უფრო სწორად მე, არ მაქვს ნდობის განცდა ზოგიერთი ქვეყნის ან ლიდერის მიმართ. ჩვენ არ გვჯერა სიტყვების. რუსეთის ესკალაციის შემდეგ არ გვჯერა მეზობლების. ამ ყველაფრის აღარ გვჯერა. დოკუმენტებისაც კი არ მჯერა, რადგან ჩვენ გვაქვს ბუდაპეშტის მემორანდუმი. ვფიქრობ, თქვენ იცით ამის დეტალები.
ჩემთვის ეს უბრალოდ ფურცლების კრებულია, რომელიც არაფრად ღირს. გვჯერა პრაგმატულობის, რომლებზეც შეიძლება შეთანხმება. თუ თქვენ ჩვენი მეგობრები ან პარტნიორები ხართ, მოგვეცით იარაღი, ხელი გამოგვიწოდეთ, დაგვეხმარეთ, მოგვეცით ფული და შეაჩერეთ რუსეთი. თუ მეგობრები ხართ, ამის გაკეთება შეგიძლიათ. ერთადერთი რწმენა, რაც დაგვრჩა, საკუთარი თავის, ჩვენი ხალხის, ჩვენი შეიარაღებული ძალების და იმის რწმენაა, რომ ქვეყნები დაგვეხმარებიან არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ქმედებით. სულ ეს არის,“-ვოლოდიმირ ზელენსკი.