საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ფარგლებში უკრაინაში ვიზიტის დროს, ქალაქებში ბუჩასა და ირპენში ნანახის შესახებ ილაპარაკა „პალიტრანიუსის” ეთერში ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ. ის იყენებს ტერმინ გენოციდს და განმარტავს, რომ ეს არის მისი, როგორც ერთი ადამიანის შეფასება.
„ხაზი მინდა გავუსვა, რომ დელეგაციის წევრები ვიყავით როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენლები, ასევე ოპოზიციის წევრები. იქ ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში როგორც ერთი გუნდი, ისე ვიყავით, არანაირი სხვაობა არ იყო ჩვენს დამოკიდებულებასა და რეაქციას შორის იმაზე, რაც იქ ვნახეთ. რაც შეეხება ტერმინ გენოციდს, დამერწმუნეთ, არავინ არ ერიდება ამ სიტყვის გამეორებას, გნებავთ კიდევ გავიმეორებ – გენოციდი. ამაზე ტაბუ არ არის. მე ხაზს ვუსვამ, მე იქ რაც ვნახე და რაც მოვისმინე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეს გავლილი გვაქვს 90-იანებსა და 2008-ში, შემზარავი იყო. ეს იყო ბევრად უფრო მეტი, ვიდრე გენოციდი – ერთდროულად იყო სისასტიკე, არაადამიანური მოპყრობა, მიზანმიმართული განადგურება მშვიდობიანი მოქალაქეების. განადგურებაცაა და განადგურებაც, წარმოუდგენელი რაღაცები იყო. დამერწმუნეთ, ტერმინ გენოციდს არავინ არ ერიდება, ესეც არ არის რაღაც გრაალის თასივით, ვიტყვით თუ არა. მეხუთეჯერ ვიტყვი – გენოციდი, რაიმე შეიცვლება ამით? არანაირი პოზიციის სხვაობა არ არის ამაში, უბრალოდ თავისი წესი და რიგი აქვს ყველაფერს – ეს არის ან იურიდიული ტერმინი, ან სახელმწიფომ უნდა აღიაროს. მე ამას გესაუბრებით როგორც ერთი ადამიანი, რომელიც იქ იყო და თავისი თვალით ნახა და მოისმინა ყველაფერი და გიდასტურებთ, რომ მორიდებით არავინ არ ერიდება და ნურავის ნუ ექნება იმის იმედი, რომ ჩვენ რაღაც კომპრომისზე წავალთ საკუთარ ღირსებასთან თუნდაც იმისათვის, რომ რაც იქ ვნახეთ, რეალურად ამას დავარქვათ თავისი სახელი“, – თქვა სერგეენკომ.
