უკრაინის ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს აღდგომის ღამეს სახლში დარჩნენ. რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლუჰანსკში საოკუპაციო ძალებმა თითქმის ყველა ეკლესია გაანადგურეს და დაუზიანებელი ეკლესია აღარაა შემორჩენილი.
რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევა გააძლიერეს- უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, ოკუპანტებმა გადაჯგუფება დაიწყეს, რათა დღეს დონეცკის ქალაქ ლიმანზე განახორციელონ შეტევა.
არ წყდება სარაკეტო თავდასხმაც, ოფიციალური კიევის ცნობით აღმოსავლეთ ნაწილზე შეტევის მიზნით თვითმფრინავები ბელორუსის ტერიტორიიდან ფრინდებიან.
რუსებმა მძლავრი ბომბები ჩამოაგდეს მარიუპოლში, ქალაქის მერი მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს – დილით მიღწეული შეთანხმების მიხედვით, მარიუპოლიდან ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნება.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის ოლექსი არესტოვიჩის თქმით, გრძელდება სამხედრო ტექნიკის და მარაგების ზრდა:
“ამ ეტაპზე კიევის და ჩერნიგოვის მიმართულებით შეტევითი ოპერაციები მტერს არ წამოუწყია. ხარკოვის ოლქში კი შეტაკებები გრძელდება. მტერი რამდენიმე პოზიციიდან უკუვაგდეთ. წარუმატებლად დასრულდა ოკუპანტის შეტევა რუბეჟნოეს და პოპასნაიას მიმართულებით. რაც შეეხება ზაპოროჟიეს. აქ ჩვენი სამხედროები თავდაცვით პოზიციაში არიან ისევე, როგორც ხერსონში, სადაც მტერი დაცვის გარღვევას და ნიკოლაევის მიმართულებით გადაადგილებას ცდილობდა. გრძელდება ჩვენი სამხედრო ტექნიკის და მარაგების ზრდა. შეიარაღებული ძალების საავიაციო პარკი მნიშვნელოვნად გაიზარდა,“- განაცხადა ოლექსი არესტოვიჩმა.
უკრაინის სპეციალური კომუნიკაციისა და ინფორმაციის დაცვის სახელმწიფო სამსახურის უფროსი იური შჩიოლი ამბობს, რომ რუსი აგრესორები თავდასხმებს ახორციელებენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე:
“რუსები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურაზე არ ახორციელებენ თავდასხმებს, არამედ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზეც – ერთი-ერთია კომუნუკაციების სისტემა. ოკუპანტები აგრძელებენ კიბერ თავდასხმებსაც და ცდილობენ შეაგროვონ პერსონალური ინფორმაციები მოქალაქეებზე, ამიტომ მოგიწოდებთ რომ არ გახსნათ სპამ და საეჭვო მესიჯები იმეილებზე. ვცდილობთ რომ კიბერ თავდაცვა გავაძლიეროთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა კომუნიკაციების გაუმჯობესება, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლონ გარკვევა იმის თუ რა ხდება ქვეყანაში. კომპანიებმა ბევრი დახარჯეს სხვადასხვა არხებისა და ინფრასტრუქტურის მომზადებაში, თუმცა ახლა ნაწილი განადგურებულია და კომუნიკაციების მხრივ ბევრი პრობლემა გვაქვს. შესაბამისად კომუნიკაცია უნდა მოვახერხოთ უკეთესად, იმისთვის რომ მათი განადგურება რთული იყოს,” – აცხადებს იური შჩიოლი.