ბრიტანეთის გამოცემა Daily Telegraph-ის თანახმად, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ავსტრია, ბულგარეთი და ჩეხეთი გვერდს უვლიდნენ ევროკავშირის მიერ კრემლისთვის 2014 წელს დაწესებულ სანქციებს იარაღის მიწოდებაზე, რასაც მოსკოვი ამჟამად უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენებს.
ევროკავშირის ანალიზის თანახმად, რომლის შესახებაც ექსკლუზიურად იტყობინება Daily Telegraph-ი, პარიზმა და ბერლინმა 2014 წლის შემდეგ რუსეთში განახორციელეს 273 მილიონი ევროს ღირებულების შეიარაღების ექსპორტი.
გამოცემის თანახმად, გერმანის კომპანიებმა რუსეთს მიჰყიდეს 121 მილიონი ევროს ღირებულების „ორმაგი გამოყენების“ აღჭურვილობა, როგორიცაა შაშხანები და სპეციალურად დაცული მანქანები. საფრანგეთის იარაღის კომპანიებმა კი რუსეთს მიჰყიდეს 152 მილიონი ევროს აღჭურვილობა – ბომბები, რაკეტები და თერმული კამერები.
დიდი ბრიტანეთი, რომელმაც 2020 წელს დატოვა ევროკავშირი, Daily Telegraph-ის თანახმად, ასევე აწვდიდა მოსკოვს შეიარაღებას, მაგრამ მისი კონტრაქტები უმნიშვნელო იყო და მხოლოდ 2,4 მილიონ ევროს შეადგენდა.
Daily Telegraph-ი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ეს შეიარაღება დღეს დიდი ალბათობით გამოიყენება უკრაინის წინააღმდეგ.
გამოცემის წყაროების თანახმად, ეს ექსპორტი განხორციელდა მას შემდეგ, რაც მოსკოვისგან მიიღეს გარანტია, რომ შეიარაღება არ იქნება გამოყენებული სამხედრო მიზნებისთვის.
ხანგრძლივი კრიტიკის შემდეგ გერმანიის მთავრობამ ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ ეტაპობრივად შეწყვეტს რუსეთიდან ნავთობის იმპორტს, ზაფხულში გაანახევრებს იმპორტს, წლის ბოლოს კი საერთოდ შეწყვეტს მას.
გერმანია, რომლის ნავთობის იმპორტის მეოთხედსა და ბუნებრივი გაზის იმპორტის ნახევარს რუსეთიდან ახორციელებს, იმ ქვეყნებს შორის იყო, რომლებიც ყველაზე მეტად ეწინააღმდეგებოდნენ ევროკავშირის მიერ რუსეთის გაზზე ემბარგოს შემოღებას.
2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ ევროკავშირმა თავის წევრებს ემბარგო დაუწესა მოსკოვისთვის იარაღის მიყიდვაზე. ეს აკრძალვები დღემდე მოქმედებს.
