უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირზელენსკიმ თურქ კოლეგა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართული სატელეფონო საუბრისას უკრაინისთვის უსაფრთხოების შესაძლო გარანტიები, რუსეთთან მოლაპარაკებების გაგრძელება და მარიუპოლიდან დაჭრილი ჯარისკაცების, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის საკითხები განიხილა. ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება.
არსებული ცნობებით, საუბრისას თურქმა ლიდერმა აღნიშნა, რომ ვითარება დღითიდღე უფრო და უფრო სამწუხარო ხდება და აქვე დაამატა, რომ აუცილებელია მარიუპოლიდან დაჭრილებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია.
ერდოღანის თქმით, ანკარა მზადაა, უზრუნველყოს მოლაპარაკებების პროცესის ყველა საჭირო მხარდაჭერა, მათ შორის შუამავლობის სახით. აქვე მან დაამატა, რომ იგი პოზიტიურად განიხილავს საკითხს, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტი.
ერდოღანთან საუბრის შესახებ „ტვიტერზე“ დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.
„მნიშვნელოვანი სატელეფონო საუბარი მქონდა პრეზიდენტ ერდოღანთან მის მიერ პუტინთან მოლაპარაკებამდე. მან ისაუბრა მარიუპოლიდან, კერძოდ „აზოვსტალიდან“ მოქალაქეების დაუყოვნებლივი ევაკუაციის და ბლოკირებული სამხედრო პერსონალის გაცვლის აუცილებლობაზე. ჩვენ განვიხილეთ მოლაპარაკებების პროცესი, თურქეთთან და სხვა ქვეყნებთან უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების კოორდინაცია. ჩვენ დავაყენეთ საკითხები უკრაინის თავდაცვით შესაძლებლობებთან, ასევე გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომელიც საფრთხის ქვეშ მოექცა შავ ზღვაში გემების ბლოკირების გამო“, – დაწერა ზელენსკიმ „ტვიტერზე“.