რუსეთის დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი აცხადებს, რომ „საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ომის გაჩაღების შემდეგ, კიევი გადავიდა ტერაქტებზე სხვა ქვეყნების მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ“.
დღეს, 26 აპრილს, ვოლოდინი ტელეგრამ-არხზე წერს, რომ გუშინ, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ჟურნალისტებზე თავდასხმები აღკვეთა. დუმის სპიკერი ასახელებს კრემლის პოლიტიკის პროპაგანდისტებს: ვლადიმირ სოლოვიოვს, მარგარიტა სიმონიანს, დმიტრი კისილიოვს, ევგენი პოპოვს, ოლგა სკაბეევას და ტიგრან კეოსაიანს.
ვოლოდინის თანახმად, „აუცილებელია იმის აღიარება, რომ უკრაინა ტერორისტული სახელმწიფოა, ზელენსკიმ პასუხი უნდა აგოს და ყველა დამნაშავე დაისაჯოს“. დუმის სპიკერის განცხადებითვე, „მომხდარი ადასტურებს რომ უკრაინაში რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყება სწორი და დროული იყო“.