უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დღეს ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქსა და ოდესაზე სარაკეტო დაბომბვები განახორციელეს, მათ ოდესის აეროპორტის ასაფრენი ბილიკი გაანადგურეს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონსა და ბრიტანეთის პრემიერს ბორის ჯონსონს ესაუბრა. მისივე თქმით, თავისუფალი სამყაროს ყველა ლიდერი საქმის კურსშია თუ რა ჩაიდინა მარიუპოლში ოკუპანტმა და რუსეთი ამისთვის აუცილებლად დაისჯება.
“ოკუპანტები აგრძელებენ დამატებითი ძალების მობილიზაციას ჩვენი სამხედროების წინააღმდეგ, ქვეყნის აღმოსავლეთში ახალი თავდასხმებისთვის. მათ გააძლიერეს შეიარაღება ხარკოვის ოლქში და ცდილობენ ზეწოლის გაზრდას დონბასზე. ამ უაზრო ბრძოლებში მათ უკვე 23 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგეს, თუმცა ისინი არ ჩერდებიან.
დღეს ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ განახორციელეს სარაკეტო დაბომბვები დნეპროპეტროვსკის ოლქსა და ოდესაზე. განადგურებულია ოდესის აეროპორტის ასაფრენი ბილიკი. ჩვენ, რა თქმა უნდა, აღვადგენთ მას, მაგრამ ოდესა არასოდეს დაივიწყებს რუსეთის ამ ქმედებებს.
დღეს ვესაუბრე საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს უკრაინასა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტზე, განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში, ისევე როგორც უკრაინის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე თანამშრომლობაზე. უკრაინა ერთიანი ევროპის განუყოფელი ნაწილი გახდა და ჩვენ უკვე მივდივართ ამ ფაქტის პოლიტიკური ფორმალიზაციისკენ.
ასევე ვესაუბრე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს, უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერისა და ომის დასასრულებლად საჭირო სხვა სახის ძალისხმევის შესახებ. მას ვაცნობე ბრძოლის ველზე არსებული ვითარების შესახებ აქტიური შეტაკებების რაიონებში და დეტალურად მოვახსენე, თუ რა ვითარებაა ქვეყნის აღმოსავლეთში, სამხრეთსა და მარიუპოლში.
თავისუფალი სამყაროს ყველა ლიდერმა იცის, თუ რა ჩაიდინა რუსეთმა მარიუპოლში და რუსეთი ამისთვის დაუსჯელი არ დარჩება,” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
