ყველა ადამიანი, ვინც გულშემატკივრობს მიხეილ სააკაშვილს, ახლა დაკავებული უნდა იყოს არა იმით, რომ აგულიანებდეს სააკაშვილს, რათა ამ სერვისების მიღებაზე კვლავ უარს ამბობდეს, არამედ პირიქით, უნდა ცდილობდეს, დაითანხმოს ის, შესაბამისი სერვისები მიიღოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პენიტენციურ სამსახურს აქვს პასუხისმგებლობა, რომ როგორც ნებისმიერ მსჯავრდებულს, სააკაშვილსაც სათანადო სამედიცინო სერვისი გაეწიოს.
„რასაც ჩვენ ვუყურეთ, ეს არის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხის კვლავ პოლიტიზება. ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ორი საკითხი. პირველი, სააკაშვილის ოჯახისა თუ მისი გულშემატკივრის სურვილი იქნება, რომ გათავისუფლდეს ან გავიდეს ქვეყნიდან, აირიდოს სასჯელი, რომელიც მიუსაჯა ქართულმა მართლმსაჯულებამ. კანონის უზენაესობა სწორედ იმას გულისხმობს, რომ როდესაც ადამიანი სჩადის დანაშაულს და ამ დანაშაულზე გამოდის განაჩენი, სასჯელი უნდა იყოს მოხდილი. ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს ყველაზე საბაზისო პრინციპი. მეორე საკითხია მიხეილ სააკშვილის, როგორც პატიმრის ჯანმრთელობის საკითხი. რა თქმა უნდა, პენიტენციურ სამსახურს აქვს პასუხისმგებლობა, ისევე, როგორც ნებისმიერ პატიმარზე, სააკაშვილს გაეწიოს სათანადო სამედიცინო მომსახურება, რათა ჯანმრთელობა იყოს უზრუნველყოფილი. ჩვენ ამ დღეების განმავლობაში რაც მოვისმინეთ, ყველაფერს რომ ჩამოვაცილოთ ის ბურუსი, რომელითაც ხანდახან ცდილობენ, შეფუთონ მდგომარეობა, არის შემდეგი. როგორც პენიტენციური სამსახური, ისე რამდენადაც გავეცანი ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას, მიუთითებენ, რომ მართალია, არსებობს გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები, მაგრამ სააკაშვილს მიეწოდება სერვისები, რომელზეც თავად ამბობს უარს. მაგალითად, გარკვეული სამედიცინო პერსონალის მომსახურებაზე თუ გარკვეულ მკურნალობაზე. გუშინ მოვისმინეთ იუსტიციის მინისტრის განმარტებები, რომ ის არ იღებს გარკვეულ მედიკამენტებს, შეთავაზებულ სერვისებს. ვფიქრობ, ყველა ადამიანი, ვინც გულშემატკივრობს მიხეილ სააკაშვილს, ახლა დაკავებული უნდა იყოს არა იმით, რომ აგულიანებდეს სააკაშვილს, რათა ამ სერვისების მიღებაზე კვლავ უარს ამბობდეს, არამედ პირიქით, უნდა ცდილობდეს, დაითანხმოს ის, შესაბამისი სერვისები მიიღოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, სააკაშვილი თავად აყენებს ზიანს საკუთარ ჯანმრთელობას.
„რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნას, ამაზეც იუსტიციის მინისტრის განმარტება მოვისმინეთ. მისი თქმით, პენიტენციურ სამსახურს, სამედიცინო პერსონალს აქვს გარკვეული კითხვები დასკვნასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, რაღაც მონაცემები არ ემთხვევა იმ ანალიზების მონაცემებს, რაც წარდგენილი ჰქონდა ექსპერტთა ჯგუფს. ისინი სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფისგან განმარტებებს ელიან. ეს არის საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც ყველა უნდა ეცადოს, რომ დაცალოს პოლიტიკისგან. არსებობს სამართლებრივი და სამედიცინო საკითხი. გუშინ იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნასთან დაკავშირებით გარკვეულ განმარტებებს მიიღებენ, საკუთარ პოზიციას წარმოადგენენ. თუ სწორად ვნახე სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა, მათი საუბარი და განმარტებები, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების თუ სხვა გულშემატკივრების მხრიდან განმარტებები იყო, რომ სააკაშვილი უარს ამბობს გარკვეული სამედიცინო მომსახურების მიღებაზე. ასე რომ, ამ შემთხვევაში, ადამიანი თავად აყენებს ზიანს საკუთარ ჯანმრთელობას. მნიშვნელოვანია, ნაცვლად იმისა, რომ მისი გულშემატკივრები დაკავებული იყვნენ წახალისებით, მან ეს ქმედება გააგრძელოს, უნდა დაიყოლიონ სააკაშვილი, რომ მიიღოს ის სამედიცინო სერვისი, რომელიც მას სჭირდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მიხელ სააკაშვილის ოჯახის წევრები მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნით პერმანენტულ აქციებს გეგმავენ.