იარაღი, სანქციები, ფული და ევროპერსპექტივა – ამ 4 მთავარი მოთხოვნით წარსდგა დღეს უკრაინა დონორთა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ვარშავაში მიმდინარეობს. დარბაზშია ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი. კონფერენციის მიზანია უკრაინის მხარდაჭერა, ფინანსების მოზიდვა ქვეყნის დასახმარებლად და ომის შემდეგ აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად. ღონისძიებას ესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრიც, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს სიტყვით გამოვა.
საქველმოქმედო ღონისძიებაზე, რომელიც პოლონეთისა და შვედეთის პრემიერ-მინისტრების ინიციატივით ტარდება, უკრაინის პრეზიდენტს ონლაინგამოსვლა ჰქონდა. ზელენსკიმ დამსწრეებს სიტყვით მიმართა:
“ჩვენი აქ შეკრება მოწმობს იმას, რომ უკრაინა ევროპა და მთელი მსოფლიო არის გამარჯვების გზაზე, ეს ნიშნავს რომ ჩვენი კონტინენტი ერთიანია. რუსები დამარცხდებიან. უკრაინელი სამხედროები ჩვენს თავისუფლებას მამაცურად იცავენ. ეს ყველაფერი ბრძოლის ველზე არ დასრულდება, აუცილებელია ვიყოთ დარწმუნებული რომ ნორმალური ცხოვრების გაგრძელებას შევძლებთ.
არ უნდა გაგრძელდეს ტირანიის დაფინანსება, რაც ათეულობით წლების განმავლობაში ხდებოდა გაზისა და ენერგო რესურსების შეძენით. ჩვენ ვემზადებით ფართომასშტაბიანი რეკონსტრუქციის გეგმისთვის, რითაც უნდა აღდგეს უკრაინა. უნდა შევძლოთ ქვეყნის მოდერნიზება ომის დასრულების შემდეგ. აგრესორმა უნდა იცოდეს, რომ ევროპის ძალას ვერაფერს დააკლებს.
ომის გამო უამრავი ადამიანი წავიდა ქვეყნიდან, მათ დაბრუნება უნდა შეძლონ. ცივილიზებულ სახელმწიფოებს მოვუწოდებ ჩაერთონ ამ პროცესში. მნიშვნელოვანია რომ უკრაინა მალე გახდეს ევროკავშირის წევრი. აუცილებელია უკრაინამ მიიღოს წევრობის სტატუსი. მეტი ერთიანობა იქნება ძლიერი პასუხი რუსეთისთვის. საკმარისი არაა დაპირებები, არამედ საჭიროა ამ კუთხით პრაქტიკული ნაბიჯები,”– განაცხადა ზელენსკიმ.
