“მორიგი ბრალდებები უკრაინიდან, ამჯრად საქართველოს მთავრობას უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდილიაკი აკრიტიკებს. “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში პოდილიაკი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის პოზიცია უპირისპირდება საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას, რომ საქართველო უცნაურად უყურებს უკრაინაში ომს, არ იკავებს ისეთივე მკაფიო და არაორაზროვან პოზიციას, როგორიც აქვთ ევროპის ქვეყნებს და შეერთებულ შტატებს. ხოლო აქვს თუ არა უკრაინას მტკიცებულებები დაზვერვის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი საქართველოსთან მოლაპარაკებებს სანქციების გვერდის ავლის მიზნით აწარმოებს, პოდილიაკი განმარტავს, რომ თუ კონკრეტული ინფორმაცია ექნებათ, კომპანიებთან დაკავშირებით, მათ სახელებს აუცილებლად გამოაქვეყნებენ”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რას უპასუხებს საქართველოს მთავრობა უკრაინის ბრალდებებს.
“ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო ცოტა არ იყოს უცნაურად უყურებს უკრაინაში ომს. არ იკავებს ისეთივე მკაფიო და არაორაზროვან პოზიციებს, როგორიც აქვს ევროკავშირის ქვეყნებს და აშშ-ს. ჩვენი გადმოსახედიდან, ვფიქრობთ, რომ საქართველოს შეეძლო უფრო გასაგები პოზიცია დაეკავებინა, იმიტომ, რომ რუსეთის ფედერაციის პირდაპირი სამხედრო ინტერვენციისგან მანაც იზარალა. ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის და არა ხალხის პოზიცია, სრულებით აშკარად უპირისპირდება დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას. საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება ბატონ ივანიშვილს, რომელიც მკაფიოდ წარმოდგენილი რუსი ოლიგარქია და სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია აქვს გავლენა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაზე. ქართველი ხალხისგან ვგრძნობთ ნამდვილად მხარდაჭერას, შესანიშნავი ხალხია, ჩემთვის ამოუცნობია, როგორ შეიძლება ასეთ ხალხს ჰყავდეს ისეთი ოლიგარქი, როგორიც ივანიშვილია” – აცხადებს მიხაილო პოდილიაკი, რომლის თქმით, “სასურველი იქნებოდა, გაიხსენონ, რომ ძალიან ამაყი და ძლიერი ადამიანები არიან”, – აღნიშნავს გამოცემა.
“რაც შეეხება დაზვერვის მონაცემებს, როდესაც გავიგებთ, რომ სანქციებზე გვერდის ასავლელად, საქართველოს და რუსეთს შორის საქმე უკვე საუბრიდან კონკრეტულად იურიდიულ ჩრდილოვან ურთიერთობებზე გადადის, მაშინ აუცილებლად გამოვაქვეყნებთ, თუ გვექნება დოკუმენტების პაკეტი იურიდიული დადასტურებით, რომ რუსეთ- საქართველოს შორის ასეთი გვერდის ავლის მენევრი ხორციელდება”, – ასეთია ამონარიდი პოდილიაკის ინტერვიუდან, რომელიც მან “ამერიკის ხმას” მისცა. უკრაინის მხრიდან ბრალდებები უკვე შეფასდა საქართველოში, როგორც ხელისუფლებში ისე ექსპერტთა წრეებში. “ოცნებაში” მიიჩნევენ, რომ ასეთი რიტორიკა და დაუსაბუთებელი ბრალდებები საქართველოს მიმართ განპირობებელი უნდა იყოს მხოლოდ რუსეთის ინტერესით და არ გამორიცხავენ, რომ ცალკეული თანამდებობის პირებს უკრაინის ხელისუფლებაში, რომელთაც გააჩნიათ რუსეთთან ძალიან აქტიური, საქმიანი ურთიერთობები, შეიძლება დღემდე შენარჩუნებული აქვთ”, – განაგრძობს გამოცემა.
“თბილისის მერი კახა კალაძე პოდილიაკის განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს. “უკრიანასთან ძალიან მჭიდრო კავშირები მაქვს, წლების განმავლობაში ვცხოვრობდი დ იქ ვთამაშობდი. ასეთი არსებები, როგორც პოდილიაკია, არის სამარცხვინო. ჩემი თხოვნა იქნება ნახოთ, რა ცხოვრებით ცხოვრობდა და რას წარმოადგენს პოდილიაკი?” – ასე უპასუხა ჟურნალისტებს კახი კალაძემ. უკრაინის პრეზიდენტის ადამინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატი ლევან იოსელიანი, რომელმაც უკრაინის მთავრობას მიმართა, რომ ”მოზომონ ბრალდებები”. ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პოდილიაკი არასდროს მალავდა, რომ მზადაა იმუშაოს ყველასთან, კარგი საფასურის სანაცვლოდ და ახალ თანამდებობაზეც მუშაობის სტილი არ შეუცვლია. ძველი დამკვეთების მითითებით აქტიურად ჩართულია უკრაინის მიერ საქართველოსთან მიმდინარე საინფორმაციო ომში”, – დასძენს გამოცემა.
“მიხაილო პოდილიაკი 2010 წელს რუსეთის ტელვიზიაში “ენვ”-ს ჟურნალისტია. ერთ- ერთ ინტერვიუში ის ამბობს, რომ “სიამოვნებით ვაკეთებ ფულს საინფორმაციო ომებზე, პოლიტიკურ დაკვეთებზე რუსეთიდან, უკრაინიდან, საქართველოდან. ხშირად ვომობ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სასარგებლოდ, ხანდახან პირიქით. ჩემთვის მთავარია იყოს სარფიანი დამკვეთი”, – წერს დავით ქართველიშვილი. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ მიუხედავად თბილისში გაკეთებული არაერთი განცხადებისა, უკრაინის მთავრობისთვის ამ დრომდე გაუგებარია საქართველოს მთავრობის პოზიცია, რომელიც გმობს რუსულ აგრესიას და განაგრძობს უკრაინის პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას”, – წერს სტატიის ავტორი.
“ჩემთვის გაუგებარია, ასე ხელაღებით ქვეყნის მიმართ ბრალდებები, მაგრამ როგორც ჩანს უკრაინის ელიტის პოზიციას აკონტროლებს ქართველების ჯგუფი. ეს ხერხი, რომ გარედან მოახდინონ გავლენა საქართველოს ხელისუფლებაზე ბევრჯერ გვინახავს და “ნაციონალების” შეგნებული სტარტეგიაა. თუ ქვეყნის ომში ჩართვას ვერ მოახერხებენ, მოახდინონ მთავრობის დისკრედიტაცია. ძირითადი შეტევა მიდის ივანიშვილზე, რომ დაუწესონ სანქციები. ამიტომ, “ნაცმოძრაობა” ცდილობს, უკრაინას ათქმევინოს ის, რაც თვითონ სურთ და რასაც აქამდე ვერ აგვარებენ. მესმის, რომ საქართველოს მთავრობა ცუდ მდგომარეობაშია, ელჩს უკრაინიდან ვერ გამოიწვევს, დღეს ეს ქვეყანა ომის მდგომარეობაში და ელჩის გამოწვევა აღქმული იქნება, როგორც რუსეთისკენ გადაგმული ნაბიჯი. ამიტომ დიპლომატიურ ენაზე უნდა გაეცეს პასუხი ყველა იმ ბრალდებას, რომელსაც უკრაინის მთავრობა საქართველოს მთავრობას უყენებს”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
“ვხედავთ, რომ უკრაინის მთავრობა საქართველოს ელჩს უკრაინაში არ იბარებს და მას არ უყენებს პრეტენზიებს. განცხადებებს აკეთებენ არა მაღალი თანამდებობის პირები, არამედ მრჩევლები, რადგან მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთებულ განცხადებას სხვა დატვირთვა აქვს. ამიტომ საქართველოდანაც გაიშალოს მრჩევლებისა და ანალიტიკოსების ფრონტი და მათ გასცენ პასუხი ყველა ბრალდებას” – დაასკვნის რამაზ საყვარალიძე. პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებების ურთიერთობებში “ცივი ომის”ელემენტებს ხედავს. მისი თქმით, ბრალდებებს, რომელსაც უკრაინის მთავრობა საქართველოს მთავრობის მიმართ აყენებს, დროზე უნდა გაეცეს პასუხი”, – დასძენს სტატიის ავტორი.
“საქართველოსა და უკრაინის მთავრობების ურთიერთობეში “ცივი ომის” ელემენტები ჩანს. ძალიან საშიში განცხადებებია და საჭიროა რომ პასუხი გაეცეს. უკრაინის მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები. სანამ ზელენსკი არ გააკეთებს განცხადებას, მანამდე არ უნდა გაეცეს პასუხი? ბოლოს და ბოლოს ეს კატა-თაგვობანას თამაში უნდა დასრულდეს. ხომ უნდა გავიგოთ რას ითხოვენ ჩვენგან, თუ ეს უკავშირდება სააკაშვილის გაშვებას, პირდაპირ თქვან – მოგვეცითო. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღრიბაშვილმა არა, მაგრამ მთავრობის სპიკერმა უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, უკრაინამ კი აუცილებლად უნდა წარმოადგინოს დოკუმენტაცია ამ ბრალდებებთან დაკავშირებით”, – მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
