თურქულმა ავიაკომპანიამ AnadoluJet-მა ისრაელის მთავარი აეროპორტიდან დაგეგმილი ავიარეისი რამდენიმე საათით გადადო. მიზეზი მგზავრების ტელეფონებზე მიღებული ფოტოშეტყობინებებია, – ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ბენ-გურიონის აეროპორტში, თვითმფრინავი, რომელშიც 160 მგზავრი იყო, ასაფრენად ემზადებოდა, როდესაც მგზავრებმა მობილურებზე ავიაკატასტროფების ამსახველი ფოტოები მიიღეს, რის შესახებაც რეისის კაპიტანს აცნობეს. ამის შემდეგ, მგზავრები და ეკიპაჟი აეროპორტის შენობაში დააბრუნეს და ბარგის თავიდან შემოწმება დაიწყეს.
მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სურათები AirDrop-ის საშუალებით გაზიარდა, რომელიც Apple-ის სერვისია და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, გაგზავნონ ფაილები Apple-ის ერთი მოწყობილობიდან მეორეზე, მცირე დისტანციაზე. ყველა სურათი iPhone-ებზე იყო მიღებული.
ფოტოებზე ასახული იყო Turkish Airlines-ის თვითმფრინავის კატასტროფა, რომელიც ნიდერლანდებში, 2009 წელს მოხდა, ასევე – აშშ-ში 2013 წელს მომხდარი ავიაკატასტროფა.
შექმნილი პანიკის დროს, გაქცევისას, ერთი მგზავრი დაშავდა, რომელსაც საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა.
გამოვლენილია რამდენიმე ახალგაზრდა ეჭვმიტანილი. ისინი დაკითხვაზე გადაიყვანეს.
