სად და როგორ გაიცნო ეკა ბესელიამ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. ამ თემაზე ბესელია გაზეთ “ვერსიასთან” საუბრობს:
_ …ეკა, ადრეც მინდოდა მეკითხა და მავიწყდებოდა: გახსოვს, ბიძინა ივანიშვილი სად, როდის და როგორ გაიცანი?
_ როგორ არ მახსოვს და არასოდეს არც დამავიწყდება… ეს იყო 10 ოქტომბერი, მისი პირველი საჯარო განცხადებიდან ზუსტად მესამე დღე. ერთმანეთს მასთან, სახლში შევხვდი. ეს შეხვედრა არასოდეს დამავიწყდება ისევე, როგორც ის პერიოდი, როცა მასთან ერთად ვიმუშავე და გადაუჭარბებლად გეტყვი, ეს იყო ყველაზე საინტერესო ადამიანი, ვისთანაც კი მიმუშავია!
_ ივანიშვილს შენობით ელაპარაკები თუ თქვენობით?
_ ეს მნიშვნელოვანია?
_ დიახ, არის, რადგან ინფორმაცია, ეშმაკისა არ იყოს, დეტალებში ,,ზის”…
_ თქვენობით ვესაუბრები…
ადამიანში რამდენიმე თვისება – ტყუილი, უმადურობა, უსამართლობა, უგულობა, შური არ მომწონს… მომწონს სიკეთე, გულწრფელობა, სიყვარული, მსახურება, უშურველობა და ა.შ. რატომ შეიძლება, პატივს არ სცემდე ადამიანს, რომელმაც ჩემს სამშობლოს ამდენი სიკეთე გაუკეთა, ამდენი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა გადაარჩინა, ამდენი კულტურული ძეგლი აღადგინა და ქვეყანას ამდენი მასშტაბური პროექტი აჩუქა? რატომ არ უნდა ვცემდე პატივს ადამიანს, რომელმაც უანგარო, სახელისა და გვარის მითითების გარეშე, უამრავი სიკეთე წლების განმავლობაში აკეთა? ბიძინა ივანიშვილს სხვების რა სჭირდებოდა, როცა სააკაშვილის წინააღმდეგ ძალიან სახიფათო ბრძოლა დაიწყო? მან ხალხი გაიყოლა და გაიმარჯვა… მერე, თანამდებობიდან წავიდა და ქვეყნის მსახურებას აგრძელებს! ასეთ ადამიანს რატომ უნდა ლანძღავდე?
საერთოდ არ მაღელვებს, ივანიშვილის მიმართ ჩემს ასეთ დამოკიდებულებას ლაქუცად ვინ ჩამითვლის! ვინც მიცნობს, იცის, რომ ეს თვისება არ მაქვს! ვინც არ მიცნობს და ასე იფიქრებს, ეს მისი პრობლემა იქნება, რადგან არც სიკეთის ხედვა აქვს და არც მადლიერების უნარი. ეს კი საცოდაობაა.
მას, ვინც ბიძინა ივანიშვილს უშვერი სიტყვებით ლანძღავს, ქვეყნისთვის მისი სადარი რა გაუკეთებია?! შემიძლია, გავაგრძელო, მაგრამ გავჩერდები და მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ბიძინას მიმართ ასეთი უმადური და უპატივცემულო დამოკიდებულება ძალიან მაღიზიანებს და მაბრაზებს. ეს იმ ტრაგიკულ ისტორიებს მაგონებს, იმ დროს დაშორებულ ქართველებს ეს ისტორიები უხერხულობას რომ გვიქმნიდა…
გაიხსენე ექვთიმე თაყაიშვილის ისტორია, ნიკო ნიკოლაძის ისტორია… გავაგრძელო? ესეც ჩვენი ისტორიაა, მაგრამ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც, როგორც ,,ნატვრის ხეშია” (ეს ფილმი ძალიან მიყვარს) ტალახს ესვრის მარიტას, არაა პროგრესული… ის კი, ვისაც შლეგად მიიჩნევენ, სიმართლეს ამბობს… ასე რომ, ჩემო ვანო, გავა დრო, ამ პერიოდს, ამ ეტაპს დავშორდებით და ისტორია ყველაფერს პირუთვნელად შეაფასებს. იქამდე კი, არ ვკარგავ მადლიერებას იმ ადამიანების მიმართ, ვისაც სამშობლო უყვარს და მას უანგაროდ ემსახურება!
წყარო: ვერსია