1-2 ივნისს, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ვიზიტით ქალაქ ბრიუსელს ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი შეხვედრებს გამართავს ევროკომისიაში, სხვადასხვა მიმართულების ევროკომისრებთან, ასევე ევროპარლამენტში. საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტის ფარგლებში, 2 ივნისს, ბრიუსელის ცენტრალურ მოედანზე, ქალაქის მერიის ისტორიულ შენობაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება, სადაც დამსწრე საზოგადოებას ასევე საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიმართავს.
ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან ბელგიის სამეფოს, ევროკავშირის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე – ბრიუსელში აკრედიტებული დიპკორპუსი.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს საკუთარ შემოქმედებას წარუდგენს გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა. ამასთან, ღონისძიების ფარგლებში, გაიმართება გამოფენა, რომელიც საქართველოს ევროპულ გზას მიეძღვნება.