„რეზოლუციას, რომელიც ქართული დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების მტრების – სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლებისკენ მოგვიწოდებს და ბიძინა ივანიშვილს, რომელიც პოლიტიკიდან დღეს სრულად არის დისტანცირებული და რომელმაც ქართველ ხალხს 2012 წელს დემოკრატია, მედიის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი დაუბრუნა, ქართული დემოკრატიის ლამის მთავარ პრობლემად აცხადებს და მის სანქცირებას ითხოვს, არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებებთან და ასეთ რეზოლუციას, პირდაპირ ვიტყვით, ჩალის ფასი აქვს“, – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებული რეზოლუცია.
ირაკლი კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ როდესაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრები გახდებიან, ევროპარლამენტი სხვაგვარი იქნება.
„იმედია, ევროპარლამენტი იქნება „ფეიკის“ გავლენისგან დაცული და ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების დამცველი, რომელსაც საკუთარი ობიექტური ინტერესების მიხედვით სუვერენულად მოქმედება შეეძლება. მტკიცებით ვერაფერს ვამტკიცებთ, მაგრამ დღევანდელი რეზოლუცია ამყარებს ცალკეული ექსპერტების მიერ გამოთქმულ ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის გახმოვანებულ ვადაზე ადრე მოთხოვნის თემა საქართველოს არაკეთილმოსურნეებმა მოიგონეს, რათა ჩვენი ქვეყნისთვის და ხელისუფლებისთვის ხელოვნური სირთულეები შეექმნათ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.