შრი-ლანკას დედაქალაქ კოლომბოში ათასობით დემონსტრანტმა პოლიციის კორდონი გაარღვია და პრეზიდენტის რეზიდენციაში შეიჭრა. ამის შესახებ Reuters იუწყება.
ამჟამად შრი-ლანკაზე ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ბოლო წლებში ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი გამწვავდა.
რეზიდენციაში შეჭრამდე შრი-ლანკას პრეზიდენტმა შენობა დატოვა. გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ შევარდნენ მომიტინგეები სასახლეში, სადაც ისინი პრეზიდენტ გოტაბაი რაჯაპაქსის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდნენ.
შეტაკებების დროს 21 ადამიანი, მათ შორის ორი პოლიციელი დაიჭრა. პოლიციამ ჰაერში სროლა დაიწყო და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, მაგრამ განრისხებული ადამიანების შეკავება ვერ შეძლო.
შრი-ლანკას კუნძული, რომლის მოსახლეობა 22 მლნ-ს შეადგენს, ბოლო თვეებში ვალუტის დეფიციტს განიცდის, რამაც, თავის მხრივ, საწვავის, პროდუქტების და მედიკამენტების დეფიციტი გამოიწვია. ინფლაციამ კი ივნისში 54% შეადგინა. ექსპერტები ამას ყველაზე მძიმე ეკონომიკურ კრიზისს უწოდებენ, რაც შრი-ლანკაზე 1948 წლის შემდეგ დაფიქსირდა, როდესაც კუნძულმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
