რიგგარეშე სხდომა არ არის პოლარიზაციის დასრულების შესაძლებლობა და ეს არ არის შესაძლებლობა, რომ ქმედითი ნაბიჯი გადავდგათ 12 პუნქტის შესასრულებლად, უფრო პირიქით, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რატომ არ აპირებს მმართველი გუნდი რიგგარეშე სხდომის ფორმატში საკითხების განხილვას.
შეკითხვაზე, გაამწვავებს თუ არა რიგგარეშე სესიაზე მმართველი გუნდის უარი პოლარიზაციას კიდევ უფრო მეტად, იონათამიშვილმა აღნიშნა, რომ სამ მარგინალურ პარტიას რიგგარეშე სხდომის მოწვევა სწორედ პოლარიზაციის კიდევ უფრო მეტად გაზრდისთვის სჭირდება.
„ეს იყო სამი ოპოზიციური პარტიის მცდელობა, როგორმე გზიდან გადაეხვია ის პროცესი, რაც საქართველოს ევროპული პერსპექტივიდან კანდიდატის სტატუსამდე გადაყვანისთვის არის მნიშვნელოვანი. ამ გადაყვანის გზა არის ამ 12 დათქმის შესრულება, რომელიც ევროკომისიამ დაგვიწესა. ეს არის მნიშვნელოვანი პროცესი და ეს სამი მარგინალური პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ცდილობს, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რათა ეს გეგმა არ შესრულდეს. აი, ზუსტად ამისთვის სჭირდებათ რიგგარეშე სხდომის მოწვევა, რომ პოლარიზაცია კიდევ უფრო მეტად გაზარდონ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
დეპუტატის თქმით, ხელისუფლებამ პირველი ნაბიჯი გადადგა, როცა 12 პუნქტის შესრულების მნიშვნელოვანი სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, სადაც კონკრეტული ვადები მიუთითა, თუ რომელი პუნქტი რა ვადებში უნდა შესრულებულიყო, რაც საერთაშორისო პარტნიორებმაც მოიწონეს, მაგრამ ოპოზიციის ნაწილისგან პროცესში მონაწილეობაზე უარი მიიღო.
„ამ გეგმაზე მუშაობა, ფაქტია, დღითიდღე ხდება ინკლუზიური და ჩართულობა მატულობს. ეს იყო ჩვენ მიერ გადადგმული პირველი ქმედითი ნაბიჯი, მაგრამ სამი მარგინალური პარტიისგან რა პასუხი შეგვხვდა, ვნახეთ. ეს იყო ფაქტობრივად, უტიფარი ტყუილები ჩვენი საზოგადოების მიმართ. მათ დაიწყეს საზოგადოების მოტყუება, როდესაც დაიწყებს მსჯელობა, თითქოს კანონის ინიცირებას ჯერ სჭირდება პლენარული სესიის გამართვა და შემდეგ კომიტეტებზე მუშაობა, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ჩვენს საზოგადოებას ელემენტარულ პატივს არ სცემენ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, პარლამენტარიზმის ისტორიაში პარლამენტის სხდომა არასოდეს შეკრებილა იმისთვის, რომ სავარაუდო კანონის პროექტის ინიცირებაზე ემსჯელა.
„მათ თქვეს, რიგგარეშე სხდომას მოვიწვევთ და ამ სხდომაზე განვიხილავთ იმ საკითხებს, რომლებსაც შემდეგ, შემოდგომაზე დავაინიცირებთო. პარლამენტარიზმის ისტორიაში პარლამენტის სხდომა არასოდეს შეკრებილა იმისთვის, რომ სავარაუდო კანონის პროექტის ინიცირებაზე ემსჯელა. ასეთი ნონსენსი პარლამენტარიზმის ისტორიაში არ არსებობს და ამათ ასეთი პრეცედენტების შექმნა რომ უნდათ, განა არ იციან და განა მართლა უკუღმა აქვთ წაკითხული საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი?! პირიქით, განგებ ცდილობენ, ხალხი მოატყუონ, რათა აღქმა დატოვონ ისეთი, თითქოს რაღაცის გაკეთება უნდათ და ვინმე არ აძლევს ამის საშუალებას. ეს რომ ტყუილია, იქიდანაც ჩანს, რომ პარლამენტის რეგლამენტში მსგავსი პროცესი არ წერია, არც ქართულ სინამდვილეში და არც ნებისმიერი სხვა ქვეყნის პარლამენტის რეგლამენტში“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
დეპუტატის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებლს“ სურთ, ეს პროცესი საზოგადოებას თავდაყირა დაანახონ.
„ნებისმიერი ინიციატივა მუშავდება სამუშაო მაგიდასთან, იწერება სამუშაო მაგიდასთან. შემდეგ ეტაპობრივად რომ მივყვეთ, განხილვები სამუშაო ჯგუფებიდან გადადის კომიტეტებში, კომიტეტებში ხდება თითოეული ინიციატივის საჯარო განხილვები და შემდეგ უკვე, პლენარულ სხდომებზე იმართება განხილვა კენჭისყრისთვის. უკვე იქ კენჭისყრა ხდება, ამისთვის არის მნიშვნელოვანი ეს პროცესი და ამათ უნდათ, თავდაყირა დაგვანახონ, თითქოს ეს პროცესი ასეა, მაგრამ ამაში ვერ მოატყუებენ საზოგადოებას“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.