ფრაქცია „ქართული ოცნების“ 81 წევრიდან რიგგარეშე სესიაში მონაწილეობას არავინ მიიღებს, – ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ფრაქცია „ქართული ოცნება“ იმ პროცესში, რომლის მიზანია არა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, არა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება, არამედ პოლარიზაციის გაღრმავება და აღნიშნული რეკომენდაციების საბოტაჟი, მონაწილეობას არ მიიღებს.
მისივე განმარტებით, რადიკალური ოპოზიციის მიერ წარდგენილი სხდომის დღის წესრიგი საქართველოს რეგლამენტის მოთხოვნებს არ შეესაბამება, რადგან მათი განხილვა და შეჯერება საკომიტეტო მოსმენებზე არ მომხდარა.
„18 ივლისის რიგგარეშე სესიასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ პარალელურ, მოგონილ, საბოტაჟურ და შედეგთან მიმართებაში უპერსპექტივო პროცესში მონაწილეობას. ამიტომ, ჩვენი ფრაქციის 81 წევრისგან რიგგარეშე სესიაში მონაწილეობას არავინ მიიღებს. ამასთანავე, მოვუწოდებთ, რადიკალური ოპოზიციის თითოეულ წარმომადგენელს, პარალელური პროცესების გამოგონებით, ნუ გაამართლებენ და ნუ გამოეთიშებიან კომისიის რეკომენდაციის შესრულების პროცესს. მონაწილეობა მიიღონ მიმდინარე საპარლამენტო სამუშაო ჯგუფებისა და საკომიტეტო საქმიანობაში, რაც სხვათა შორის, მათი კონსტიტუციური ვალდებულებაცაა“, – განაცადა მიქანაძემ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის სახელით, აღნიშნულთან დაკავშირებით წერილი პარლამენტის თავმჯდომარეს წარუდგინეს და მასში გამოხატულია უმრავლესობის წევრი 81 დეპუტატის პოზიცია.
პრეზიდენტმა რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე განკარგულებას ხელი 15 ივლისს მოაწერა. ამ ინიციატივით პრეზიდენტს 46-მა დეპუტატმა მიმართა.