გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა „TV პირველის” დამფუძნებელი ვატო წერეთელი. მან ჩვენება მისცა აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ.
„პირველ რიგში მაინტერესებდა, მე, რომ შევიტანე პროკურატურაში [საჩივარი] ამის ნიადაგზე ვიყავი მოსული თუ უბრალოდ, როგორც გავიგე დღეს, ანრი ოხანაშვილსაც შეუტანია პროკურატურაში. თუმცა გავარკვიე, რომ გაუერთიანებიათ ეს საქმე და გაერთიანებული საქმის ამარა ვიყავი მოსული. პირველი მე ვიყავი მისული, როგორც ვიცი, ჯერ არც ანრი ოხანაშვილი, არც მგალობლიშვილი, არც ოდიშარია, არც ზარქუა არ დაკითხულან. ჩემთან თანმხლები პირები, ვინც იყვნენ, ჯერ არავინ დაკითხულა. რაც ვიცოდი, ყველაფერი ვუპასუხე. ძალიან ნორმალური ახალგაზრდა გამომძიებელი იყო. დანარჩენი ვნახოთ. მთავარია, პროცედურები. აშშ-ის საელჩომ ითანამშრომლოს გამოძიებასთან, მიაწოდოს მასალა. ნახოს მთელმა ქვეყანამ ჩვენი ქვეყნის პარლამენტის წევრები ჯგუფურად, როგორ ანგარიშსწორებას ეწევიან და ძალადობენ ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე. იყო კითხვა, რომ რას უკავშირებ? ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე ეს იყო დაგეგმილი, აშშ-სთვის მიეყენებინათ შეურაცხყოფა. და ჩემი შეშინება უნდოდათ. „ქართულ ოცნებას“ თუ მოუვიდოდა ასეთი სიგიჟე – ამერიკის ტერიტორიაზე ჯგუფური თავდასხმა, თორემ ნებისმიერ ადგილას დამხვდებოდნენ და მცემდნენ ისე, რომ ქვეყანას ამ სირცხვილში არ გახვევდნენ”, – თქვა წერეთელმა.
ტელეარხის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ აუცილებლად უნდა დაიკითხოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, რომელიც აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე გამართულ მიღებას ესწრებოდა. წერეთლის თქმით, როდესაც ინციდენტი მოხდა, შოთაძე ავტომანქანაში ჯდებოდა და სავარაუდოდ, ის შეიძლება იყოს შემსწრე თავდასხმის. „ანრი ოხანაშვილი მისგან ორ მეტრში იდგა და სავარაუდოდ, ეს დაინახა”, – დაამატა ვატო წერეთელმა.