საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, უცნაურია, როდესაც სალომე ზურაბიშვილი ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს.
მისივე თქმით, პრეზიდენტი ამბობდა, რომ პოლარიზაცია უნდა დასრულდეს და ამ დროს რიგგარეშე სესიის ჩანიშვნის დროს პოლარიზების ხელშემწყობი გადაწყვეტილება მიიღო.
„ძალიან უცნაურია, როდესაც პრეზიდენტი ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს. ცოტა ხნის წინ ის ამბობდა, რომ საქართველოს პარლამენტში მუშაობა არ მიმდინარეობს და ახლა ითხოვს სამუშაო პროცესში ჩართვას. ის ასევე ამბობდა, რომ პოლარიზაცია უნდა დასრულდეს და ამ დროს პოლარიზების ხელშემწყობი პირდაპირი გადაწყვეტილება მიიღო რიგგარეშე სესიის ჩანიშვნის დროს. ამ მხრივ ის საკმაოდ უხერხულ განცხადებებს აკეთებს. რისგან არის განპირობებული, ამაზე საზოგადოება თავად გასცემს პასუხს. ასევე ძალიან უხერხულია, როდესაც პრეზიდენტი საპარლამენტო ქვეყანაში საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებაში ვერ ერკვევა“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებთან შეაფასა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში სალომე ზურაბიშვილის განცხადების ის ნაწილი, სადაც პრეზიდენტი ამბობს: „აქაც მოვითხოვ და ცალკეც, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაც იყოს მონაწილე სამუშაო ჯგუფებში. რაღაც მომენტში, არ გამოვრიცხავ პრეზიდენტის რაიმე ფორმით მედიატორობას“.
რატი იონათამიშვილის განცხადებით, პროცესში ერთადერთი შუამავალია 12-პუნქტიანი გეგმა და ვისაც სურვილი ექნება, შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს.
„ამ პროცესში ერთადერთი შუამავალი არის 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ჩვენ უნდა შევასრულოთ. ამ გეგმის ირგვლივ ყველას აქვს შესაძლებლობა, ჩაერთოს. პროცესი სულ მეტად ხდება ინკლუზიური, ჩართულობის მაღალი სტანდარტით უზრუნველყოფილი და ვისაც სურვილი ექნება, შეუძლია, ამ პროცესში მონაწილეობა მიიღოს“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
იონათამიშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც აღნიშნა, რომ „ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ მიდის ანტიდასავლური რიტორიკა იმ დროს, როცა რუსეთის მიმართ არის სიჩუმე“.
იონათამიშვილის განცხადებით, ეს უსაფუძვლო და უარგუმენტო განცხადებაა.
„ეს არის აბსოლუტურად უსაფუძვლო და უარგუმენტო განცხადება. მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქართველომ, ჩვენმა გუნდმა და ჩვენმა ხელისუფლებამ ყველა სასამართლო მოუგო რუსეთს, რომელიც საერთაშორისო სასამართლოებში ჰქონდა. ამის ფონზე მსგავსი განცხადებების გაკეთება სულ მცირე ძალიან უხერხულია და მაქსიმუმ შეიძლება, იმ „ვეყნის ინტერესებში იყოს, რომელსაც ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული“, – განაცხადა იონათამიშვილმა.