უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინა ევროპოლისგან ფაქტებისა და მტკიცებულებების მიღებას ელოდება შავ ბაზარზე იარაღითა და სამხედრო საქონლით ვაჭრობის შესახებ.
„ველოდებით საგნობრივ საუბარს ევროპოლის ოფიციალურ წარმომადგელებთან, ფაქტებით და მტკიცებულებებით უკრაინიდან „შავ ბაზარზე იარაღითა და სამხედრო პროდუქციით ვაჭრობის“ თითქოსდა არსებული შემთხვევების შესახებ განცხადებებთან დაკავშირებით. მაქსიმალურად დაინტერესებულნი ვართ ინფორმაციის გაცვლით და მყისიერი რეაგირებით“, – აღნიშნა დანილოვმა.
მისი თქმით, დასავლურ მედიაში „იარაღის კონტრაბანდის“ შესახებ პუბლიკაცია დაემთხვა რუსეთის მიერ უკრაინის დისკრედიტაციისკენ მიმართული მასშტაბური საინფორმაციო სპეცოპერაციის დაწყებას, რომლის მიზანია მოკავშირეებისგან იარაღის მიწოდების შეწყვეტა.
21 ივლისს, ევროპოლის სპიკერმა, იაპ ოპ გენ ოორტმა განაცხადა, რომ ევროპოლს უკრაინიდან იარაღის კონტრაბანდის შესახებ მონაცემები აქვს.
ევროპოლის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, შავ ბაზარზე ცეცხლსასროლი იარაღითა და სამხედრო პროდუქციით ვაჭრობის შემთხვევები დაფიქსირდა.
იაპ ოპ გენ ოორტმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან გამომძიებლებმა აღმოაჩინეს „მძიმე სამხედრო იარაღით ვაჭრობის ნიშნები“.
„იმის რისკი არსებობს, რომ იარაღი ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებებს ან ტერორისტებს ჩაუვარდეს ხელში“, – აღნიშნა ევროპოლის სპიკერმა.
მისი თქმით, დაფიქსირდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღის მქონე პირები უკრაინას ტოვებდნენ. ასევე არსებობს შეშფოთება, რომ იარაღსა და საბრძოლო მასალას საზღვრის გასწვრივ ინახავენ ევროკავშირში კონტრაბანდულად გასატანად.