დავით არახამია, თუ უკრაინელ პოლიტიკოსთა ნაწილი სანქციებზე მუშაობენ და ამას არ მალავენ. არც ერთხელ არ იყო ღიად დადებული რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ ამ სანქციებს საფუძველი აქვს. უკრაინა დიდი ქვეყანაა, სადაც ბევრი პოლიტიკური ჯგუფია და არ მგონია, არახამია ყველას პოზიციას გამოხატავდეს, უკრაინულ პოლიტიკურ ელიტაში ერთმანეთთან დიდი დაპირისპირებაა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ აქვს დიდი რესურსი, რომ არათუ სანქციები არ დაწესდეს, არამედ ევროინტეგრაციის მიმართულებით წინ ნაბიჯი გადავდგათ.
„არახამიამ რაც არ უნდა გააკეთოს, თუ ადეკვატურები ვიქნებით, მაინც წარმატებას მივაღწევთ. არახამიას პირველად ნათქვამს შეიძლება, დიდი გამოხმაურება ჰქონდა, მაგრამ უკვე მეათედ ამბობს და როგორც ჩანს, მის უკან არაფერი დგას. აქედან გამომდინარე, ამას დიდ ყურდღებას არ მიაქცევენ. მთავარია, ევროპელებთან ადეკვატური ურთიერთობა გვქონდეს და არახამიას ვერანაირი განცხადება გავლენას ვერ მოახდენს“, – აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
ამავდროულად, ალექსანდრე რაქვიაშვილი რევოლუციასთან დაკავშირებით დავით არახამიას განცხადებას სერიოზულად არ აღიქვამს.
„რაც შეეხება მის განცხადებას მშვიდობიან რევოლუციაზე, თუ არახამიას თავისი თავი ჩეგევარა ჰგონია და შეუძლია, ქვეყანაში ჩამოვიდეს, რაღაც რევოლუცია მოაწყოს, არ მგონია, ეს ასე იყოს. რევოლუციები ასე არ ტარდება. მთავრობა ქმნის გარემოს, სადაც რევოლუცია შესაძლებელია და ვინც არ უნდა იყოს ლიდერი, რევოლუცია შეიძლება, მოხდეს. არ მგონია, ეს სერიოზულად იყოს ნათქვამი. საერთოდ, ჩემი აზრით, ჩეგევარა ცუდი ადამიანი იყო, მიუხედავად იმისა, რომ რევოლუცია ადამიანის უფლებაა და თუ რეჟიმი ცუდად იქცევა, რევოლუციის ჩატარება ადამიანების ვალდებულებაა, მაგრამ ჩეგევარა ბოროტი ადამიანი იყო, რომელიც არასოდეს არ უნდა მოგვეწონოს. მაგრამ, არ მგონია, რომ არახამაიას განცხადება სერიოზული იყოს. წარმოუდგენელია, რევოლუცია გვინდოდეს, ვიღაცის ჩამოსვლას და დახმარებას ველოდებოდეთ“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.