არის ხალხი, რომელსაც სჯერა, რომ ელენე ხოშტარიას ოჯახი ტანკების ფულებს აცლის რუსებს – სად ვართ?! – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„რუსეთი აგრესორი, ოკუპანტი ქვეყანა, რომელიც ყოველგვარ წითელ ხაზებს გასცდა, შეჭრილია და ხოცავს ყველას, დიდსა თუ პატარას და ერთადერთი წითელი ხაზი ვერ გადაკვეთა – ხოშტარიების ოჯახს სამკვიდრო ჰონორარი ვერ შეუწყვიტა. ქალებსა და ბავშვებს ხოცავს უკრაინაში, სხვის ტერიტორიაზეა შეჭრილი, ოკუპაციას აგრძელებს, ევროპას გაზის გათიშვით ემუქრება, აშანტაჟებს, ყველაფერს კადრულობს და არ იკადრა მხოლოდ, რომ ჰონორარი არ შეუწყვიტა. აი, ახლა რაც ვთქვი, ამას აჯერებენ ხალხს და ვიღაცები არიან, რომ ეს სჯერათ. და ამ ხალხს ისიც სჯერა, რომ ელენე ხოშტარიას ოჯახი ტანკების ფულებს აცლის რუსებს, აი ამასაც აჯერებენ ხალხს – სად ვართ?!“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
Fact Check-ის მიერ 14 ივლისს გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, დადასტურდა ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ხოშტარიების ოჯახი რუსეთიდან სოლიდურ თანხებს ნამდვილად იღებს.