ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ეხმიანება პ/გ „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლიდან“ ცესკოს წევრის ანა კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესს ეხება.
„ის ამ კონკურსს ფორმალურ პროცესს უწოდებს, რომელიც ამცირებს ნდობას ცესკოს მიმართ. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ცესკოს იმიჯსა და ინსტიტუციის რეპუტაციას სწორედ ამ ტიპის პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები აზიანებს, რომლებიც თავის მხრივ მიზანმიმართული კამპანიის ნაწილია. საგულისხმოა, რომ ქალბატონი ანა აქამდეც აკეთებდა განცხადებებს, რომლებშიც ასევე იკვეთებოდა ცესკოს იმიჯის დაზიანების მიზანი. ეთიკური ნორმებიდან გამომდინარე, ჩვენ ვერიდებოდით პასუხის გაცემას, რაც როგორც ჩანს, აღქმული იყო როგორც სტიმული უსამართლო და არაეთიკური თავდასხმების გააქტიურებისთვის. აშკარაა, რომ ამ კამპანიის მონაწილეები არ ერიდებიან მასში ცესკოს წევრის ჩართვასაც და კანონიერების სახელით არღვევენ კანონისა და ეთიკის ელემენტარულ მოთხოვნებს. ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის მიმდინარე კონკურსთან დაკავშირებით, გვინდა შევახსენოთ მათ, რომ ტერმინი „ლეგიტიმური“ არის ტერმინ „კანონიერის“ ეკვივალენტური და კანონმდებლობასთან შესაბამისად წარმოებული პროცედურა ვერ იქნება არალეგიტიმური, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება არჩეული, ხოლო ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების მძაფრი ინტერესი შექმნან საპირისპირო აღქმა, წინასწარ აზიანებს ცესკოს მომავალი შემადგენლობის საქმიანობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ცესკო-ს განცხადების თანახმად, სამწუხაროა, რომ საზოგადოების დეზინფორმირების ასეთ კამპანიებში ჩართვა ცესკოს წევრსაც უწევს პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებების სახით.
„მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ არაკომპეტენტური განცხადებებით ცესკოს იმიჯის დაზიანების მიზანმიმართული მცდელობებისგან. რაც შეეხება ცესკოს მიერ 29 ივლისს გავრცელებულ განცხადებას, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას საზოგადოებასთან და მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმოადგენს ცესკოს თავმჯდომარე, რომელიც ვალდებულია ადმინისტრაციის სახელით რეაგირება მოახდინოს ცესკოს დამაზიანებელ და მადისკრედიტებელ ქმედებაზე. შესაბამისად, ცესკოს თავმჯდომარის მიერ ამ კუთხით გაკეთებული განცხადება წარმოადგენს ადმინისტრაციის, როგორც ინსტიტუციის მიერ გაკეთებულ განცხადებას და არა ცესკოს, როგორც კოლეგიურ ორგანოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ ქმედებას“, – აცხადებენ ცესკო-ში.
