ესპანეთში მაიმუნის ყვავილით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. იტყობინება ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
ვარაუდობენ, რომ ეს არის მაიმუნის ყვავილით გარდაცვალების პირველი დადასტურებული შემთხვევა ევროპაში და მეორე – აფრიკის კონტინენტის მიღმა.
ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ინფიცირებული ადამიანი ვალენსიაში გარდაიცვალა.
გარდაცვლილ 41 წლის მამაკაცს, ექიმების თქმით, ლიმფომის გამო დასუსტებული იმუნური სისტემა ჰქონდა.
ესპანეთი მეორე ქვეყანაა მსოფლიოში შეერთებული შტატების შემდეგ მაიმუნის ყვავილის შემთხვევების რაოდენობით. ეროვნული ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ქსელის (Renave) მონაცემებით, ქვეყანაში დაფიქსირდა დაავადების 4 298 შემთხვევა, აქედან მინიმუმ 120 ადამიანი ჰოსპიტალიზირებულია.
შემთხვევების 82 პროცენტში პაციენტები სქესობრივი კონტაქტით დაინფიცირდნენ. შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა – 4000-ზე მეტი ადამიანი – მამაკაცია. ამავე დროს, მათგან 3500-ზე მეტს ჰქონდა ერთსქესიანი კონტაქტი.
შეგახსენებთ, 23 ივლისს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მაიმუნის ყვავილის მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით, ჯანდაცვის სფეროში გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.