აქ სამოქალაქო ომი რომ დაიწყოს, ომში ავტომატურად ჩართულები ვიქნებით. ამიტომაც ვთხოვთ ჩვენს საკუთარ მოქალაქეებს, პოლიტიკურ ძალებს და ჩვენს პარტნიორებს, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ პოლიტიკური ჟანგბადი გადაეკეტოთ რადიკალებს საქართველოში, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ომის საფრთხე რუსეთიდან მოდის. ხელაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია საქართველოს ომში ჩართვა არა პირდაპირ, ეს არის მეხუთე კოლონა, რომელიც საქართველოშია და ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც აქ სამოქალაქო ომის დაწყებას ცდილობს უკვე სამი წელია.
„პოლარიზაციას კვებავს ის, რომ ჩვენი დასავლელი დიპლომატის მხრიდან არ ხდება იმ პოლიტიკოსებსა და მედიასაშუალებებთან გამიჯვნა, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ საქართველოში არეულობის დაწყებას, ტემპერატურის აწევას და ა.შ. ამ ადამიანებთან არ ხდება გამიჯვნა და თანამშრომლობა გრძელდება. ეს არის, რაც კვებას ამ ადამიანების თავდაჯერებას, ეს იქნება ხოშტარია, გიგაური, რომელიც სამწუხაროდ, პოლიტიკოსად გვევლინება და არა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლად. ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსის ნაბიჯები ამ ადამიანებს შთააგონებს, რომ განაგრძონ საქართველოსთვის ძალიან დამაზიანებელი რიტორიკა, გააღვივონ დაპირისპირება, დათესონ შუღლი. ჩვენს უკმაყოფილებას იწვევს ის, რომ სიმწვავის შემომტანი ელემენტები, თავს ისე გრძნობენ, რომ მათ დასავლეთთან ჯერ კიდევ აქვთ კომუნიკაცია. ჩვენი თხოვნა დასავლელი პარტნიორების მიმართ არის, რომ გაემიჯნოს, გადაიკეტოს საქართველოში ამ ადამიანების მხრიდან ვითარების გამწვავების მცდელობები. სანამ გაგრძელდება დასავლეთის მხრიდან თანამშრომლობა ამ რადიკალურ ელემენტებთან, საქართველოში პოლარიზაცია არ დასრულდება, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.