უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გამოავლინა რუსეთის ომის კიდევ ერთი დამნაშავე, რომელიც კიევის რეგიონში, ერთ-ერთი სოფლის დროებითი ოკუპაციის დროს, მშვიდობიან მოსახლეობას სასტიკად უსწორდებოდა. მისი მსხვერპლი ბავშვებიც გახდნენ.
SBU-ს ინფორმაციით, დამნაშავე პირი არის რუსეთის გვარდიის სპეცდანიშნულების დანაყოფის (OMON) მეთაური ჩეჩნეთის რესპუბლიკაში – ანზორ ბისაევი, კადიროვთან დაახლოებული პირი.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მარტის დასაწყისში, სოფელ ბაბინცში ყოფნისას, ბისაევი თავის ქვეშევრდომებთან ერთად ადგილობრივის სახლში შეიჭრა, გაიტაცა მოზარდი და იარაღისა და დანის მუქარით, წამებითა და დაშინებით, მისგან ინფორმაცია მოითხოვა უკრაინული ჯარის გადაადგილების შესახებ. როცა წამებამ არ გაჭრა, მოზარდ ბიჭზე ფიზიკური ძალადობა და მუქარა უკვე ჯავშანმანქანაში გაგრძელდა.
კიევის ოლქის გათავისუფლების შემდეგ, ომის დანაშაულში ბრალდებული ბისაევი რუსეთში გაიქცა.
გამოძიება ბისაევის წინააღმდეგ „ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევის მუხლით დაიწყო და მიმდინარეობს ღონისძიებები მისი პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
