არ ვიცი, ვნახოთ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის „ცხელი შემოდგომები“ ახალი არ იქნება, – ამის შესახებ განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადების კომენტირებისას.
ჟურნალისტის კითხვაზე, როგორი იქნება სახელმწიფოს პასუხი ჯაფარიძის განცხადებაზე, მინისტრმა აღნიშნა: „ჩვენი პასუხია, რომ ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად და როგორც არის წესი და კანონი, ისე მივუდგებით. პანჩურებით არ გავყრით ნამდვილად. კულტურულად ვიმოქმედებთ, თუ დასაკავებელი იქნება“, – განაცხადა გომელაურმა.
„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ტვ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ მასობრივი პროტესტის შემთხვევაში ბევრი ნაბიჯის გადადგმა შეიძლება, მათ შორის შენობების აღება, „პრობლემა არ არის იქ შევიდნენ და წიხლებით გამოყარონ ვინც იქ არიან“.
