“რუსეთი ვალდებულია, სრულად გაათავისუფლოს უკრაინა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ყირიმის ჩათვლით” – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ ყირიმის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
რუსეთთან ჩვეულებრივ რეჟიმში ურთიერთობას ვერ გავაგრძელებთ. რა თქმა უნდა, იმ დროს როდესაც რუსეთს უკრაინაში ომი აქვს გაჩაღებული, როდესაც მას უკრაინის ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, დასავლეთის მხრიდან პოლიტიკის ნამდვილი გადასინჯვა Nord Stream 2-ის გაჩერება კი არა, მისი დემონტაჟი, ლიკვიდაცია იქნება. მარიუპოლის, ბუჩას, კიევის, ხარკოვის შემდეგ, რუსეთი ვალდებულია, არამხოლოდ თებერვლის წინა პოზიციებს დაუბრუნდეს, არამედ სრულად გაათავისუფლოს უკრაინა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ყირიმის ჩათვლით, – ამბობს დუდა.
ცნობილია, რომ სამიტი ონლაინფორმატში ტარდება და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას.
საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით მიმართავს სამიტის მონაწილეებს, მსოფლიო ლიდერებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
