პარლამენტის ვიცე-სპიკერის ლევან იოსელიანის განცხადებით, მისი თანაგუნდელებისთვის საარჩევნო კოდექსში ცვლილებების მიმართულებით ორი საკითხია პრინციპული – არჩევნების ელექტრონულად ჩატარების არეალის გაზრდა და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნისთვის კვორუმის 2/3-მდე გაზრდა ოპოზიციის ჩართულობის უზრუნველსაყოფად.
„ჩვენ ორი საკითხი დავაყენეთ ამ შეხვედრაზე, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია. პირველი უკავშირდება მომდევნო არჩევნების ელექტრონულად ჩატარების არეალის გაზრდას.
მეორე საკითხი შეეხება საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების დანიშვნის საკითხს – დღევანდელი რეგულაციით შესაძლებელია, ოპოზიციის ჩართვის გარეშე უბრალო უმრავლესობით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღოს გადაწყვეტილება და საოლქო საარჩევნო კომისიაში საკუთარი წევრები დანიშნოს. ვთვლით, რომ ოპოზიციის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. ვითხოვთ, რომ კვორუმი აიწიოს 2/3-მდე, რომ ოპოზიციის გარეშე საოლქო საარჩევნო კომისიაში წევრის დანიშვნა იყოს შეუძლებელი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
სარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა, დეპუტატმა გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ საარჩევნო კოდექსის რევიზია ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნების საფუძველზე უნდა განხორციელდეს.