უმრავლესობაში ამბობენ, რომ მათი ოპონენტების დამოკიდებულება 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებულ მუშაობაზე იმის მანიშნებელია, რომ პარტიების ნაწილს არ სურს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება. ამბობენ იმასაც, რომ გენპროკურორის არჩევის წესზე მმართველ გუნდს აქვს იგივე პოზიცია, ანუ არ მოსწონს კანონპროექტი, თუმცა მზად არის მას მხარი დაუჭიროს, ვინაიდან რეკომენდაციების ერთ-ერთი პუნქტი სწორედ პროკურატურის რეფორმას ეხება.
რაც შეეხება საარჩევნო ბარიერს, ამ საკითხთან დაკავშირებითაც “ქართულ ოცნებას” აქვს ძველი პოზიცია და ამბობენ, რომ საკითხის გადაჭრა საბოლოოდ დამოკიდებული იქნება მათი ოპონენტების ქცევაზე.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ დამატებითი პირობის შემოტანა ოპოზიცის მხრიდან ულტიმატუმს ნიშნავს.
“დამატებითი პირობის შემოტანა, რა საკვირველია, არის მხოლოდ ულტიმატუმი იმიტომ, რომ ვინმემ უნდა დამარწმუნოს, როცა ამოგლეჯილად განხილვის თაობაზეა საუბარი, ვინმემ უნდა ახსნას, რატომ არის შეუძლებელი პროკურორის არჩევის წესის შეცვლა დღეს, ვიდრე არ იქნება სხვა ცვლილება მიღებული. აღმოჩნდება, რომ ეს სავსებით შესაძლებელია, თავისუფლად შეიძლება ამის მიღება, მაგრამ პოლიტიკურ ვაჭრობაში შესვლა და იმის თქმა, რომ გინდა თუ არა ჯერ ვიდრე სხვა რამე არ იქნება მიღებული, მანამდე ამის მხარდაჭერა არ იქნება, სინამდვილეში ეს არის უსუსური მცდელობა, რომ ახსნა მოეძებნოს მათ დესტრუქციულ ნაბიჯს, რომელიც რა თქმა უნდა არის მიმართული დაზიანებისკენ იმ პროცესის, რომელიც არის არის 12 პუნქტის შესრულებაზე მუშაობა,” – აცხადებს სარჯველაძე.
