პაკისტანის ხელისუფლება განაგრძობს ბრძოლას მასშტაბურ წყალდიდობასთან, იმ ფონზე, როცა გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ადგილზე ჩააქვს გადაუდებელი დახმარება. გავრცელებული ცნობებით, ქვეყნის ერთი მესამედი წყლითაა დაფარული. პაკისტანის კატასტროფათა ცენტრმა 5 სექტემბერს კიდევ უფრო გაზარდა წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი, მონაცემი ამჟამად შეადგენს 1314 ადამიანს, მათ შორის 458 ბავშვია.
წყალდიდობა შეეხო 33 მილიონზე მეტ ადამიანს. ბუნებრივი კატასტროფა გამოიწვია ძლიერმა წვიმამ და მყინვარების დნობამ.
4 სექტემბერს შესაბამისმა სახელისუფლო უწყებებმა გაარღვიეს ჯებირი პაკისტანის უდიდეს ტბაზე, მანჩარზე, იმ მიზნით, რომ შემცირებულიყო წყლის დონე და არ მომხდარიყო მჭიდროდ დასახლებული ადგილების, მათ შორის ქალაქ სეჰვანის დატბორვა – თუმცა 5 სექტემბერს გამოაცხადეს, რომ ტბაზე წყლის დონე სახიფათოდ მაღალი რჩება.
5 სექტემბერსვე კარაჩიში ჩავიდა გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს დახმარებით დატვირთული ორი თვითმფრინავი, კიდევ ორს მოგვიანებით ელოდნენ. ქვეყანაში ჩადის დახმარება სხვა ქვეყნებიდანაც.