უკრაინელმა ჯარისკაცებმა დონეცკისა და სამხრეთის მიმართულებებზე მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურეს. როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დღის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ 8-ზე მეტი დარტყმა განახორციელა.
„საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა სხვადასხვა მიმართულებით გაანადგურეს ერთი ვერტმფრენი, უპილოტო საფრენი აპარატი და ხუთი საკრუიზო რაკეტა“, – ნათქვამია მოხსენებაში.
მათივე ინფორმაციით, დაზიანდა მტრის 6 საკონტროლო პუნქტი, განადგურებულია ოკუპანტების ცოცხალი ძალის კონცენტრაციის 3 ობიექტი. ასევე განადგურდა რადიოელექტრონული სადაზვერვო და საბრძოლო ტექნიკა, საკომუნიკაციო სადგურები, საბორნე გადასასვლელები, სხვადასხვა დონის საბრძოლო მასალის 8 საცავი.
შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში გაანადგურეს 350 რუსი ოკუპანტი. შედეგად, მტრის ჯამურმა დანაკარგებმა 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 50 ათასს ადამიანს გადააჭარბა.