ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გარეჯის საქმესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ადგილი ჰქონდა საკუთარი სახელმწიფოს ტერიტორიების მოღალატეობრივად გასხვისებას, რაც სამართლებრივად დასტურდება.
მისივე თქმით, გარეჯის საკითხისთვის საარჩევნო თემის დარქმევა ოპონენტების სტილია.
„ოპონენტები როგორც თავად იქცეოდნენ და ფიქრობენ, მიაჩნიათ, რომ სხვაც ასე იქცევა. როცა საარჩევნო თემას დაარქმევ გარეჯის საკითხს, ე.ი. ეს თემა მიგაჩნია მეორეხარისხოვნად და მხოლოდ საპიაროდ, რაც მათი სტილია. როცა ვსაუბრობდით, რომ ადგილი ჰქონდა ღალატს და საკუთარი ტერიტორიების გაყიდვას, ეს ფაქტია და სავარაუდო დამნაშავეებზე შეიძლება იყოს საუბარი. მათი ქმედება სამართლებრივად როგორ კვალიფიცირდება, ეს გამოძიების საქმეა. ფაქტია, რომ ადგილი ჰქონდა საკუთარი სახელმწიფოს ტერიტორიების მოღალატეობრივად გასხვისებას, რაც სამართლებრივად დასტურდება“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
