„ყველა თეთრს უნდა ვაგროვებდეთ და ვიყენებდეთ თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის გაძლიერებისთვის. ჩვენ კი რას ვაკეთებთ? ბიუჯეტში ცვლილებები შემოვიდა, პარლამენტში, 480 მილიონიდან მხოლოდ 80 მილიონი მიდის თავდაცვაზე, საიდანაც ახალი იარაღის შესყიდვაზე არის მხოლოდ 20 მილიონი ლარი. ეს არის სირცხვილი და არაადეკვატურობის მწვერვალი. ასე არხეინად როდემდე შეიძლება ვიყოთ. არა და გასაორმაგებელია. პოლონეთის მაგალითს ვიტყვი, 5%-ია მთლიანი შიდა პროდუქტისა სამხედრო ბიუჯეტი, ჩვენ 1%-იც არა გვაქვს“, – განაცხადა საპარლამენტო ჯგუფის „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ ალექსანდრე ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, ხელისუფლება, სახელმწიფო საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის გაძლიერებით უნდა იყოს დაკავებული.
„ჩემის აზრით, ნორმალური ხელისუფლება, ნორმალური სახელმწიფო უნდა იყოს დაკავებული იმით, რომ უნდა აძლიერებდეს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემას, უნდა აღადგენდეს და მწყობრში მოჰყავდეს განადგურებული სამოქალაქო თავდაცვის ინფრასტრუქტურა, უნდა აყალიბებდეს ტერიტორიული თავდაცვის ძალებს, რომელიც უკრაინაში ძალიან ეფექტურად მუშაობს, ფეხზე უნდა აყენებდეს სამხედრო მრეწველობას პოლონეთის მსგავსად, უნდა ყიდულობდეს მძიმე შეიარაღებას, განსაკუთრებით იმას, რომელიც არის ჩვენი დიდი პრობლემა – ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა. უნდა აღადგინოს სახელმწიფომ საყოველთაო გაწვევა და ყველამ უნდა გაიაროს საბრძოლო მომზადების კურსი, რომ ყველა მზად იყოს ომისთვის, რომ ომის შემთხვევაში, თავი დავიცვათ. ომს აირიდებს ყველა ის ქვეყანა, რომელიც არის კარგად მზად“, – განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.