მე არ მინდა, კომენტარი გავაკეთო ვიღაცის დამონტაჟებულ საუბრებზე და ამაზე დავიწყო სპეკულაციები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე სუსი უსმენს თუ არა „ქართულ ოცნებასაც“ და შესაძლოა, თავად ღარიბაშვილსაც, პრემიერმა განაცხადა, რომ „ე.ი. „ქართულ ოცნებას“ უსმენს მთელი საქართველო.
„ე.ი. „ქართულ ოცნებას“ უსმენს მთელი საქართველო. სუსიც უსმენს საქართველოს ხმას, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მმართველი ძალა. არ მსურს კომენტარი გავაკეთო ვიღაცის დამონტაჟებულ საუბრებზე და ამაზე დავიწყო სპეკულაციები. ეს არ არის საინტერესო“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ნებისმიერ ქვეყანაში პრივატულობა მოწყვლადი საკითხია.
„ნებისმიერ ქვეყანას აქვს მოსმენების საშუალება. ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს. არსებობს ჰაკერები და კონსპირაციული ორგანიზაციები, რომელთაც საშუალება აქვთ, გატეხონ თქვენი მობილური ტელეფონი, მოგისმინონ, მოიპარონ მთელი მონაცემთა ბაზა და ასე შემდეგ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან საუბრისას კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს არავინ უსმენს.
„ეს თემები არ არის ჩემთვის საინტერესო და თუ რაიმე გამოძიებისთვის იქნება საინტერესო, პასუხს გამოძიება გასცემს“, – დასძინა ღარიბაშვილმა.
