თუ ვინმე არის პოლიტიკურად უინტერესო, რასაკვირველია, არის ეს პიროვნება. ამიტომ, ნებისმიერი სახის პოლიტიკური ინტერესი და შურისძიებაზე საუბარი ძალიან უხერხულია, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითაც წალენჯიხის მერის პირადი ავტომობილის დაწვის ფაქტს და განცხადებებს შურისძიების შესახებ გამოეხმაურა.
იონათამიშვილის შეფასებით, ფაქტს შესაბამისი უწყებები გამოიძიებენ და ამ თემის გარშემო პოლიტიკური სპეკულირება მიუღებელია.
“რაც შეეხება თვითონ ფაქტს, ცხადია, ამას დაადგენს შესაბამისი უწყებები და ამ თემაზე პოლიტიკური სპეკულირება, თან იმ პოლიტიკური პარტიის მხრიდან, ვინც სპეკულირებით არის სახელგანთქმული, ცხადია, არავის არ გვიკვირს, მაგრამ გააგრძელონ ასე. სპეკულაციებით სადამდე მივიდნენ და სადამდე მიიყვანეს საკუთარი თავი და პარტია, ამას ჩვენი საზოგადოება და მათი ამომრჩეველიც ძალიან კარგად ხედავს,” – ამბობს რატი იონათამიშვილი.
ცნობისთვის, წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას პირადი ავტომობილის დაწვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
