ომის 233-ე დღეს უკრაინაში მძიმე ბრძოლები კვლავ გრძელდება – მიკოლაივში აფეთქებული საცხოვრებელი კორპუსიდან ამოყვანილი 11 წლის ბიჭი, რომელმაც ნანგრევებში 6 საათი გაატარა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. მაღალსართულიან კორპუსზე რუსულ თავდასხმას კიდევ 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
კვლავ უწყვეტად იბომბება დნიპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი ნიკოპოლი. დაზიანებულია 40-ამდე კერძო საცხოვრებელი სახლი და მაღალსართულიანი კორპუსი. განადგურებულია ათობით სამოქალაქო ობიექტი, მათ შორის ადგილობრივი საავადმყოფო, საბავშვო ბაღი, მუზეუმი და ეკლესია.
რუსულმა ძალებმა ავიაიერიში განახორციელეს ხარკოვის ოლქზეც. მოსახლეობას შეზღუდულად მიეწოდება ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო ტერიტორიაც.
ოფიციალური ინფორმაციით, გასული თვის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა რუსეთის ოკუპაციისგან ასობით დასახლება გაათავისუფლეს.
